Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფოს" ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს


ზურაბ მახარაძე
ზურაბ მახარაძე

ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერს, ზურაბ მახარაძესა და კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.

ამის შესახებ პროკურატურამ 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა:

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთი პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს ბრალდებულებისთვის პროკურატურა.

წარდგენილი ბრალის მიხედვით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

XS
SM
MD
LG