Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს „კროკუსის“ ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება


საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სებასტიენ ლეკორნიუ. კიევი, 28 სექტემბერი, 2023.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სებასტიენ ლეკორნიუ. კიევი, 28 სექტემბერი, 2023.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ 3 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ამის შესახებ საფრანგეთის მასმედია და საერთაშორისო სააგენტოები იტყობინებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გავრცელებულა.

როგორც საფრანგეთის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ლეკორნიუმ საფრანგეთის სახელით სოლიდარობა გამოუხატა მოსკოვის გარეუბანში საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ დაღუპულებს. 22 მარტის ტერაქტის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა.

როგორც იტყობინებიან, ლეკორნიუმ თქვა, რომ საფრანგეთი მზადაა ებრძოლოს ტერორიზმს და გააძლიეროს რუსეთთან თანამშრომლობა ამ საფრთხისთვის წინააღმდეგობის მაქსიმალურად ეფექტიანად გასაწევად. ამასთან, საფრანგეთის მინისტრმა თქვა, რომ პარიზს არ მოეპოვება არავითარი ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს ტერაქტის კავშირს უკრაინასთან. მან რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს „კროკუსის“ ტერაქტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ბრალდებებისთვის.

ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ამასთან ლეკორნიუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს რუსეთის შეჭრას და გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.

საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. ეს მინისტრების პირველი პირდაპირი საუბარია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა შოიგუმ დასავლეთის ქვენების მინისტრებს დაურეკა და უთხრა, რომ უკრაინა თითქოს აპირებს ე.წ. ბინძური ბირთვული ბომბის აფეთქებას (რუსეთს ჯერაც არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ უკრაინა ასეთი რამის გაკეთებას აპირებდა).

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ თვეში არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროთა გაგზავნა, რამაც მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია. მაკრონს ასევე არ დაეთანხმა საფრანგეთის ზოგიერთი პარტნიორი ნატოში. მაკრონმა ახსნა, რომ ლაპარაკი არ არის რაიმე კონკრეტულ გეგმებზე, არც სამხედროთა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. მაგრამ მან კვლავაც გააგრძელა მტკიცება, რომ არ უნდა გამოირიცხოს სამხედროთა, მათ შორის ფრანგების, უკრაინაში გაგზავნა, რათა რუსეთი „სტრატეგიული გაურკვევლობის“ ვითარებაში იმყოფებოდეს.

XS
SM
MD
LG