Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ადიგენში გზა გადაკეტა - მიზეზი მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის მოსალოდნელი დაპირისპირებაა


ადიგენის მუნიციპალიტეტი. პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტი. პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

ბოლო რამდენიმე საათია, რამდენიმე ათეულ პოლიციელს ადიგენამდე მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ასე ცდილობენ მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან არიდებას.

ამ გზის გავლა მოუწევდათ იმ მუსლიმებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაბის მიმართულებით მას შემდეგ წავიდნენ, რაც გაიგეს, რომ ქრისტიანთა ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა მათივე თემის წევრების კერძო საკუთრებაში ლოცვის გამო.

ადიგენის მუნიციპალიტეტი, პოლიციას გადაკეტილი აქვს გზა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი, პოლიციას გადაკეტილი აქვს გზა.

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.

დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციულ ლოცვას აღავლენენ. მართლმადიდებლები შენობასთან იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ, მათი თქმით, მუსლიმებმა არ შეასრულეს დაპირება, რომ სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.

ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით", სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია.

XS
SM
MD
LG