Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ისრაელს კვლავ შურისძიებით დაემუქრა, დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმის და მისი „გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრის მკვლელობის გამო


ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ირანში 1 აპრილს. დამასკში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო თავდასხმისას მოკლული შვიდი წევრის დასაფლავების დღეს ირანი ისრაელს კვლავ შურისძიებით დაემუქრა
ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ირანში 1 აპრილს. დამასკში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო თავდასხმისას მოკლული შვიდი წევრის დასაფლავების დღეს ირანი ისრაელს კვლავ შურისძიებით დაემუქრა

ირანმა 5 აპრილს გაიმეორა დაპირება, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრის მკვლელობის გამო შურს იძიებს.

სირიის დედაქალაქ დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმა, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს, 1 აპრილს მოხდა.

5 აპრილს თეირანში დაასაფლავეს „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის“ (IRGC) შვიდი წევრი, რომლებიც დაიღუპნენ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის დროს. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეჭირათ დაღუპულების ფოტოები და პლაკატები წარწერით "სიკვდილი ისრაელს" და "სიკვდილი ამერიკას".

ირანის ხელისუფლება კვლავ დაიმუქრა, რომ შურს იძიებს ისრაელზე თავისი ოფიცრების, მათ შორის, IRGC-ის ორი გენერლის დაღუპვის გამო.

„შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და ის აუცილებლად განხორციელდება“, - თქვა IRGC-ის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ.

თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა.

ირანში მათ სირიაში მყოფ სამხედრო მრჩევლებს უწოდებდნენ.

სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა გოლანის მაღლობებიდან მიიტანეს იერიში დამასკზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმას უწოდა "ყველა შესაძლო საერთაშორისო კონვენციის დარღვევა".

ირანმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის ისრაელს. ამის შემდეგ ისრაელის არმიამ შეაჩერა საბრძოლო ნაწილებისა და დანაყოფების ყველა სამხედრო პერსონალის შვებულებაში გაშვება და, ამასთან, გამოიძახა საჰაერო თავდაცვის ნაწილების რეზერვისტები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაარტყამს ყველას, „ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს“ ან გეგმავს ამას.

ისრაელს საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG