Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მინისტრი: „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას


მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის მიერ "აგენტების კანონის" ხელახალ ინიციირებას ფეისბუკზე ეხმაურება და სარკასტულად წერს, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს და "ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს".

"ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა", - წერს ჯანელიძე.

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2015-2018 წლებში, ასევე ეკავა საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტი 2017-2018 წლებში.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

„ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი" რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“.

XS
SM
MD
LG