Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი „უცხოელი აგენტების" კანონპროექტის შესახებ - „დამპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა“


გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი
გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი

გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოეთის აგენტების კანონის“ ინიციირებას. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული“, - წერს მერი ლოულორი.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი დასძენს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს“, - წერს მერი ლოულორი.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში, მერი ლოულორი, საქართველოში 2023 წლის ნოემბერში იყო ჩამოსული. მაშინ ის სამთავრობო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და უფლებადამცველებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ კი თქვა: „მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა „აიტანოს“ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. (...) საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყროს უფლებადამცველებს, როგორც მოკავშირეებსა და არა – როგორც მტრებს“

მერი ლოულორი თავის ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.

XS
SM
MD
LG