Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, თბილისის ახალი აეროპორტი 2028 წლის ბოლომდე აშენდება


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს მთავრობამ დედაქალაქში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება გადაწყვიტა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ვაზიანში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო პროექტირება და ტენდერის პროცედურები 2025 წელს დასრულდება.

მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის აეროპორტთან დაკავშირებით ორ ვერსიას განიხილავდა:

  • გაფართოებულიყო არსებული შენობა, რაც, პრემიერის თქმით, 900 მილიონი დოლარი ჯდებოდა;
  • ან ვაზიანში აშენებულიყო ახალი აეროპორტი, რაც მილიარდ 260 მილიონი დოლარი დაჯდება.

„[არსებულის] გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი, დეტალური გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი - 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტიც სრულად დავტვირთოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის აშენება განიხილებოდა. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მისი თქმით, საერთაშორისო კლასის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საქართველოს კანონმდებლობით, გამარჯვებული პარტია აკომპლექტებს მთავრობას.

XS
SM
MD
LG