Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონკოპაციენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ ღამეს


ონკოპაციენტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან. 8 აპრილი, 2024 წელი
ონკოპაციენტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან. 8 აპრილი, 2024 წელი

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, რომლებიც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან.

მათთან ერთად არის მოძრობის, „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე, რომელიც ამბობს, რომ დღის 12 საათიდან ადგილზე არიან, თუმცა პრემიერ-მინისტრისგან თავიანთ განცხადებაზე პასუხი ვერ მიიღეს - ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"აქ ვაპირებ დგომას მეც და ონკოპაციენტებიც დგანან აქ. 12 საათიდან აქ ვართ და არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძესთან განცხადება შევიტანეთ, მის პიარს მივწერე, ენახათ ეს განცხადება, ჯერჯერობით, ეტყობა, ვერ ნახეს კარგად", - ამბობს გვანცა აფხაიძე.

მისივე თქმით, თხოვნის მიუხედავად, რომ სახლში წავიდნენ და "ქიმიოთერაპიისთვის მოემზადონ", მასთან ერთად აქციაზე რჩებიან ონკოპაციენტებიც:

"რა გავუკეთო პაციენტებს, რომ გაჩერდნენ სახლში და მე ვიყო აქ, არ ვიცი. მწერენ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ მოვდივარო. თავი უნდა იგრძნოს დამნაშავედ, აი, ამან [პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ], რომ არ გამოვიდა დღეს. თავი იგრძნოს დამნაშავედ პრეზიდენტმა, რომელმაც ერთი სიტყვა არ თქვა ონკოპაციენტების მხარდასაჭერად. თავი იგრძნოს დამნაშავედ ჩვენმა მთავრობამ, რომ ონკოპაციენტებს მხარში არ უდგანან. ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენსას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სანამ არ გავიმარჯვებთ, აქ გადმოვცხოვრდები... ამ პაციენტებს კიდე თუ როგორმე დავაკავებ სახლში და იმკურნალებენ და მოემზადებიან ქიმიოთერაპიისთვის, თავს არ დაისტრესავენ და არ გაიყინებიან აქ, ძალიან კარგი იქნება".

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ თითოეულ დაავადებულს დაფინანსება თავისი საჭიროების შესაბამისად გამოუყოს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ონკოპაციენტებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსოს, მათთვის მხოლოდ მცირე შეღავათია.

ხანგრძლივი პროტესტისა და მოლაპარაკების შედეგად, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განახადა, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო ძველებურად გამოუყოფს 25 ათას ლარს, თუმცა ცალკე აუნაზღაურებს მედიკამენტების ხარჯსაც. მანამდე წამლები პაციენტს მისთვის განსაზღვრული 25-ათასლარიანი ლიმიტიდან უნდა შეეძინა.

XS
SM
MD
LG