Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო მოხელე ვარ. აგენტების კანონს არ ვეთანხმები. რა ვქნა, თუ გაზიარებას დამავალებენ?


ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო პოსტერები
ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო პოსტერები

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა დააპირა მწვავედ გაკრიტიკებული „აგენტების კანონის“ მიღება, პარტიული ლიდერების კვალდაკვალ, კანონის მხარდამჭერი შეცდომაში შემყვანი პოსტები მუნიციპალიტეტებში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა გააზიარა.

საჯარო მოხელეებს ზემდგომი პირები ავალებენ, გააზიარონ ცნობები, რომლებიც ფეისბუკმა უკვე დაბლოკა, როგორც შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

„ვადასტურებ, რომ არის პარტიული მოწოდება“, - ამბობს „ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე.

საჯარო მოხელეების ნაწილი ამბობს, რომ ეთანხმება დაგეგმილ შეზღუდვებს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუკი საჯარო მოხელე გამოხატვის თავისუფლების და ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო კანონს არ ემხრობა?

  • შეუძლია უარი თქვას გაზიარებაზე?
  • რა იცავს მას?

და, საერთოდ, კანონიერია ასეთი პოსტების გაზიარება საჯარო მოხელეების მიერ, ვინც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა იცავდეს?

რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებზე პასუხის პოვნა სცადა.

რას ამბობს კანონი?

ამ საკითხს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ არეგულირებს.

კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ვალდებულია, სამსახურთან დაკავშირებით ხელმძღვანელის მითითება შეასრულოს.

მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მითითება კანონიერია და იგი უკავშირდება მისი ფუნქციების შესრულებას.

საჯარო მოხელე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს“, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

მაშინ, თუ მისი შესრულება „აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად“.

და ეს გამონაკლისიც ბათილდება, თუკი მითითება შეიძლება საზიანო იყო მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აღემატებოდეს მის შესაძლებლობებს.

სხვა ყველა შემთხვევაში, მოხელეს აქვს უფლება, უარი თქვას განკარგულების შესრულებაზე. ამ შემთხვევებს შორისაა:

  1. განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
  2. განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
  3. განკარგულება შემსრულებელს აიძულებს ჩაიდინოს დანაშაული ან გადაცდომა;

„აგენტების კანონი“ ჯდება ამ განმარტებაში?

მოკლე პასუხია კი.

„ისეთი დავალების მიცემა საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუნდაც „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია გააზიარონ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე, არის უკანონო მითითების მიცემა საჯარო მოხელისთვის“, - ამბობს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) იურისტი თათია ქინქლაძე.

პოსტების გაზიარება, სადაც „აგენტების კანონის“ „ევროპულ კანონს“ არქმევენ, არ არის საჯარო მოხელის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული.

როგორ შეიძლება, მოხელე მოიქცეს?

თუკი საჯარო მოხელეს არ სურს ისეთი მითითების შესრულება, რომელიც არ ევალება, უშუალოდ „საჯარო სამსახურის კანონი“ დაცვის დიდ გარანტიებს არ იძლევა.

„თუკი საჯარო მოხელეს მისცეს კონკრეტული მითითება [რაც მიაჩნია, რომ არ ევალება], მექანიზმი არის ის, რომ მის ხელმძღვანელს შეატყობინოს ამ ფაქტის შესახებ. ისეთ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ხელმძღვანელისგან მოდის მითითება, მაშინ - დაწესებულების ხელმძღვანელს“, - ამბობს თათია ქინქლაძე, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) იურისტი.

ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც დავალება უშუალოდ „დაწესებულების ხელმძღვანელისგან“, - მაგალითად, მუნიციპალიტეტის მერისგან, - მოდის, კანონი ბევრს არაფერს ითვალისწინებს.

„ეს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის კანონში ჩადებული, არის თავისი არსით პრობლემური, რადგან, შესაძლებელია, უშუალოდ დაწესებულებაც იყოს მითითების მიცემის პროცესში ჩართული“, - განმარტავს იურისტი.

აქ სრულდება ყველაფერი? ანუ მითითება უნდა შევასრულო?

არა.

თუკი საჯარო მოხელე დარწმუნებულია, რომ მისთვის მიცემული მითითების შესრულება არ ევალება, და არ უნდა, ეს მითითება შეასრულოს, უარის თქმა შეუძლია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა გაიაზრონ, რომ ამ ტიპის მითითების შესრულება სავალდებულო არ არის. უნდა იცოდნენ, რომ მათ არ შეიძლება დაეკისროთ რაიმე ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა“, - ამბობს ISFED-ის იურისტი თათია ქინქლაძე.

მაგრამ ურჩობას ხომ შეიძლება მოჰყვეს, სულ მცირე, შენიშვნა, ან სამსახურიდან გათავისუფლება?

ასეთ დროს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი მექანიზმები ირთვებაო, განმარტავს თათია ქინქლაძე.

ეს მექანიზმებია:

  • სასამართლო;
  • მიმართვა სახალხო დამცველისთვის;
  • მიმართვა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის.

„როდესაც ასეთი ტიპის გათავისუფლების ფაქტები სასამართლოში საჩივრდება, დიდი პროცენტით კმაყოფილდება, რადგან შრომითი უფლებების დაცვის დადგენის სტანდარტი გაუმჯობესებულია. მართალია, ამას ასპროცენტიანი გარანტიით მაინც ვერ ვიტყვით, მაგრამ შანსი არის, რომ დავა მოხელის სასარგებლოდ გადაწყდეს“, - ამბობს იურისტი.

მსგავსი შემთხვევა ყოფილა?

ISFED-ი წლებია, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებებს იცავს.

და ჩვენს პრაქტიკაში, მართალია, ზუსტად ასეთი შემთხვევა არ შეგვხვედრია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისი პოლიტიკური მოსაზრების გაზიარების გამო გაათავისუფლესო, იხსენებს იურისტი.

„ზუგდიდში ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერმა [საჯარო მოხელემ] გააზიარა ამ პარტიის სასარგებლოდ ინფორმაცია ფეისბუკზე, რის გამოც დააჯარიმეს და შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი საჩივარი ორივე ინსტანციის სასამართლომ - რაიონულმა და სააპელაციომ - დააკმაყოფილა“, - ეუბნება თათია ქინქლაძე რადიო თავისუფლებას.

ეს იმიტომ, რომ ჩაითვალა, რომ მოხელის გაზიარებული პოსტი გამოხატვის თავისუფლებით იყო დაცული.

ამ შემთხვევაშიც ასე არ გამოდის?

ჩვენ ჯერ ისეთ შესაძლო შემთხვევებს განვიხილავდით, როცა საჯარო მოხელე არ ეთანხმება მითითებას, - „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი პოსტები გააზიარეო, - და ამისგან თავის დაცვა სურს.

მაგრამ უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, საჯარო მოხელეებს „შეიძლება არ უნდოდეთ“ კი არა, საერთოდ არ უნდა აზიარებდნენ ასეთ პოსტებს.

საჯარო მოხელეს ეკისრება ვალდებულება, იყოს პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული.

ამასაც „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ ადგენს.

ეს წესი მოქმედებს როგორც წინასაარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდშიც.

მაგრამ ამ ჩანაწერის აღსრულების მექანიზმები ამ ორ პერიოდში განსხვავებულია.

„წინასაარჩევნო პერიოდი“

„წინასაარჩევნო პერიოდში, არასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, უკვე შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეული მექანიზმები ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“, - განმარტავს თათია ქინქლაძე.

ასეთი ორი მექანიზმია:

  1. „აგიტაციის და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების კუთხით, მივმართოთ საარჩევნო კომისიებს, რათა შეისწავლონ ეს ფაქტები“;
  2. „საჯარო სამსახურის ბიურო არის ის მექანიზმი, რომელსაც, ჩართვის შემთხვევაში, შეუძლია, შეისწავლოს, რამდენად ხდება ამ პრინციპების დაცვა მოხელეების მხრიდან“.

თუ პოსტი ნეიტრალურია, გამოხატვის თავისუფლების ჭრილში ჯდება.

და ეს „ქარდები“, რასაც ასობით საჯარო მოხელე აზიარებდა, - სავარაუდოდ, სამუშაო საათებში - პოლიტიკურად ნეიტრალურია?

„ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლებელია, პოლიტიკურად ნეიტრალური შინაარსის იყოს, - რადგან ეს არის კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

მაგრამ კანონპროექტის დატვირთვიდან გამომდინარე, - რა მიზანიც აქვს, - შინაარსიდან, მიზნებიდან გამომდინარე პოლიტიკური ხდება.

მისი მიზანია არა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ პოლიტიკური მიზანი აქვს. ამიტომ უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს მათი შინაარსი, და, არა, ეს არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური პოსტები“, - ამბობს ISFED-ის იურისტი თათია ქინქლაძე.

მაგრამ რახან ჯერ არასაარჩევნო პერიოდია, ამ პრაქტიკის საწინააღმდეგო ეფექტიანი ბერკეტი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG