Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. აგენტების კანონი ზუგდიდის საკრებულოში გააპროტესტეს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 10 აპრილი, 2024 წელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 10 აპრილი, 2024 წელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პლაკატებით მივიდნენ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის გასაპროტესტებლად, ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის არარსებობაა. სხდომაზე არ მივიდნენ „ქართული ოცნების“ - 18 , „ხალხის ძალის” - 2 და „ნაციონალური მოძრაობის“ 8 დეპუტატი. დარბაზში იმყოფებოდნენ ექსპრემიერ გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ 3 წარმომადგენელი და „ნაციონალური მოძრაობის“ 14 ყოფილი წევრი, რომლებიც შეუერთდნენ გვარამია-მელიას მოძრაობა „ახალს“.

სხდომის გადადებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ, პარტიის, „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებისგან მიიღეს წერილობითი მოთხოვნა საკრებულოს თანამდებობის პირების გადადგომაზე. ზუგდიდის საკრებულოში თანამდებობებს იკავებენ პარტიების „საქართველოსთვის“ და „ახლის“ წევრები.

ფარულავა ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის შედგა გარიგება, რათა ოპოზიციამ ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს. საკრებულოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ რადგან მმართველ პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს, თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრს გაურიგდა.

„ცალსახად და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისინი პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს და საზოგადოების, მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. რაც შეეხება მათ ინიციატივას პოლიტიკური პირების თანამდებობიდან გადაყენებაზე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის მორიგი თაღლითური გარიგება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. ბუნებრივია, მათი განზრახვა, რომ სისრულეში მოიყვანონ, ეს დაწყებული შეთანხმება ბოლომდე უნდა მივიდეს. დაველოდოთ... გამორიცხული არაფერია“, - თქვა ფარულავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 10 აპრილი, 2024 წელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 10 აპრილი, 2024 წელი

ყოფილი თანაპარტიელების და „ქართული ოცნების“ ერთობლივ მოქმედებაში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია კალანდია, რომელიც დღეს მოძრაობა „ახალს“ წარმოადგენს. კალანდიას განცხადებით, განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ეს ემთხვევა პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის ინიციირებას:

„როცა ჩვენს ქვეყანაში ხდება ძალიან დიდი პოლიტიკური ამბავი - „რუსული კანონის“ პარლამენტში ხელახლა შეტანა - ზუგდიდის საკრებულოში ხდება გაურკვეველი ამბავი...„ქოცების“ და „ნაცების“ ერთობის დადასტურება. „ქოცებმა“ დღეს შემოიტანეს განცხადება ჩვენი კოლეგების თანამდებობიდან გადაყენებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის გარიგება შემდგარია. ისე მათ ხმები არ ჰყოფნით. ზუგდიდში „ქოცები“ და "ნაცები“ ერთობლივად ემზადებიან, რომ აღარ იყოს ოპოზიციური საკრებულო და, სავარაუდოდ, „ნაცები“ და „ქოცები“ გადაინაწილებენ თანამდებობებს ან მხოლოდ „ქოცებს“ მისცემენ ხმას 'ნაცები'“, - განაცხადა მაია კალანდიამ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებას გამორიცხავს ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თამუნა ჯიქია. მან რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გარიგება თანამდებობების გადანაწილების მიზნით იყო არა მმართველ გუნდთან, არამედ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის. რაც შეეხება მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ ბოლო სამი სხდომის გაცდენის მიზეზს, მან აღნიშნა, რომ განმარტება ამ თემაზე მოგვიანებით გაკეთდება საკრებულოში:

„'ნაცები' აქამდე გარიგებული იყვნენ გახარიასთან, ერთმანეთი თვითონ აირჩიეს თანამდებობებზე და ახლა ჩვენკენ ნუ იშვერენ თითს“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დეპუტატების ბრალდებებს არ პასუხობენ. საკრებულოს წევრმა ამ პარტიიდან დარიკო არქანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერჯერობით არ განმარტავენ არც იმას, თუ რატომ არ ესწრებიან სხდომებს ენმ-ის დეპუტატები.

სანამ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდებოდა, დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს და დაგმეს ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიციირება პარლამენტში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 10 აპრილი, 2024 წელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 10 აპრილი, 2024 წელი

„ახლის“ წარმომადგენლები დარბაზში მივიდნენ პლაკატებით „არა რუსულ კანონს“. ამ მოთხოვნით საკრებულოში იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკარგავს.

„პარლამენტში ხელახლა ინიციირებული კანონი თავისი შინაარსით, მიზნებით, სურვილებით წმინდა რუსული კანონია. ეს კანონი, თუ კი მიიღეს, ვკარგავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვნად გაწევრიანების შანსს. ეს კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში გაუქმდეს კრიტიკული აზრი“, - თქვა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

XS
SM
MD
LG