Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი ვერ შეძლებს 40 ისრაელელი მძევლის შერჩევას პალესტინელ პატიმრებში გადასაცვლელად


7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილთა ფოტოები. თელ-ავივი, 28 დეკემბერი, 2023.
7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილთა ფოტოები. თელ-ავივი, 28 დეკემბერი, 2023.

აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ 40 ისრაელელი მძევლის შერჩევას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მათ გადასაცვლელად. CNN-ის თანახმად, მოლაპარაკებებზე, რომელიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს, წამოაყენეს წინადადება, ღაზაში მძევლად მყოფი 40 ისრაელელი გადაეცვალათ რამდენიმე ასეულ პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის ციხეებში იხდიან სასჯელს.

ჰამასს შესთავაზეს გადაცვლისთვის ისრაელელ მძევალთა შორის შეარჩიოს ქალები, ხანდაზმულები, ავადმყოფი ან დაჭრილი მამაკაცები. მაგრამ ჰამასმა განაცხადა, რომ ვერ იპოვის 40 ცოცხალ მძევალს, რომლებიც ასეთ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ.

CNN-ის წყარო გამოხატავს შეშფოთებას, რომ მრავალი მძევალი შეიძლება უკვე მკვდარია ან თავად ჰამასის წარმომადგენლებმაც არ იციან მათი ადგილსამყოფელი. ამავე დროს იმ მძევალთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ჰამასის ტყვეობაში რჩებიან, ბრძოლისუნარიანი ასაკის მამაკაცები არიან.

როგორც The Times Of Israel აზუსტებს, უკანასკნელ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს სამეტაპიანი გეგმა. პირველ ეტაპზე ჰამასს ისრაელისთვის უნდა გადაეცა სამოქალაქო პირები - ქალები, ასევე ხანდაზმული და დაჭრილი მამაკაცები. ფასდებოდა, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 40 ადამიანია. ისრაელი ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა 30 პალესტინელ პატიმარს - ქალებს, მოხუცებს და არასრულწლოვანებს. ქალი სამხედრო მოსამსახურეების გასათავისუფლებლად ისრაელი გაათავისუფლებდა თითოს სანაცვლოდ 50 პატიმარს: 30 სამუდამო პატიმრობამისჯილს და 20-ს, რომლებიც მცირე ვადებს იხდიან. ამასთან ამ დროს ისრაელის არმია უკან დაიხევდა ღაზის სექტორის აღმოსავლეთ ნაწილიდან, უზრუნველყოფდა ჩრდილოეთიდან სამხრეთით დაუბრკოლებელ მოძრაობას და შეწყვეტდა საჰაერო იერიშებს.

მეორე სტადიაზე ჰამასს სთავაზობდნენ პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ მძევალი მამაკაცების განთავისუფლებას - როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების. ამ სტადიის შემთხვევაში მოხდებოდა ცეცხლის სრული შეწყვეტა და ისრაელის თავდაცვის არმიის გაყვანა ღაზის სექტორიდან.

მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებული იყო გვამების გაცვლა, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადის შეწყვეტა და სექტორში აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო, პირველ რიგში არაბული ქვეყნების, შუამავლობით მიმდინარეობს. მისმა უკანასკნელმა რაუნდმა შედეგი ვერ გამოიღო: 8 აპრილს ჰამასმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელი გეგმის მიღებაზე.

ისრაელი ღაზაში ატარებს ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაციას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს. ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 240-მდე ისრაელელი და უცხოელი მძევლებად აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს. უკანასკნელი მონაცემებით, 130-ზე მეტი ადამიანი რჩება ტყვეობაში.

ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 33 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

XS
SM
MD
LG