Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდა.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე, რომელიც დასკვნით სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო, განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში დაესწრო. მას დარბაზში მყოფი ადამიანები ტაშით შეხვდნენ.

ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის გამოცხადების დროს
ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის გამოცხადების დროს

გრიგორიადისს პროკურატურა აქციების დროს პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. ეს დანაშაულები შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
  • 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).

ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, - უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტს დღესვე მიმართავენ თხოვნით, შეიწყალოს ის.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG