Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებს


ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც 12 აპრილის დილას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, საპატიმრო დაწესებულებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დატოვებს.

პრეზიდენტს ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი ოფიციალურ დოკუმენტზე, შეწყალების აქტზე, რომლის გამოცემის შემდეგაც პენიტენციურმა უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პატიმარი. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შეწყალების აქტს პრეზიდენტი მომდევნო კვირის დასაწყისში გამოსცემს. თავად პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებაზე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე, ჩემ თავთან ერთად, ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა და ადვოკატებმა შეწყალების თხოვნით მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დღის 12 საათისთვის მიმართეს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG