Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა


ქალაქი რუსთავი
ქალაქი რუსთავი

შიდაფრაქციული უთანხმოების გამო, რომელიც რუსთავის ერთ-ერთი სტადიონის იჯარით გაცემას მოჰყვა, 15 აპრილს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამმა წევრმა დატოვა.

ფრაქციიდან და პარტიიდან გავიდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბერიძე, ფრაქციის თავმჯდომარე ზურაბ ბერაძე და ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მორგოშია. ორი დღით ადრე, პარტია და ფრაქცია დატოვა ნინო სულაძემ, რომელიც პარტია „ლელოში“ გადავიდა.

ფრაქციიდან გასულმა ვაჟა მორგოშიამ ფეისბუკის პირად გვერდზე 15 აპრილს დაწერა, რომ თანაფრაქციელმა თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა „ცრუ ინფორმაცია“ მე-19 მკ/რ-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე თანამოაზრეებთან ერთად პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სცადა.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში დიდი ხმაური გამოიწვია მე-19 მკ/რ-ში მდებარე სტადიონის ყოველწლიური ტენდერის შედეგებმა, რომლის საფუძველზე საფეხბურთო მოედანი, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებს გადაეცათ. მე-19 მიკრორაიონის ბინადარნი ტენდერის გაუქმებას და მოედნის იჯარით კვლავ ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ფენიქსისთვის“ გადაცემას ითხოვდნენ - „ფენიქსი“ ხსენებულ მოედანზე სამი წელია 100-ზე მეტ ბავშვს ავარჯიშებს.

კლუბის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ ონლაინაუქციონში, მის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მოულოდნელად მათივე კოლეგები შემოვიდნენ და აუქციონი 10 ლარის უპირატესობით მოიგეს, თუმცა იცოდნენ, რომ მოედანზე ბავშვებს „ფენიქსი“ ავარჯიშებდა. კლუბი სამი წლის განმავლობაში ტენდერს ყოველ წელს იგებდა.

ზურაბ ბერაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტია არც კი დაინტერესებულა მათთან გასაუბრებით და ობიექტური ინფორმაციის მიღებით.

„ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს, მათ არც კი ვიცნობ. დეზინფორმაციაა ისიც, თითქოს ვაჟა მორგოშიას რაიმენაირი კავშირი ჰქონდეს სტადიონის ტენდერთან“.

ფრაქციიდან გასულმა ალექსანდრე ბერიძემ კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ „ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი“. მისივე თქმით, ის რაც ფრაქციაში მოხდა, სიცრუის და არაობიექტური მსჯელობის შედეგია.

ბერიძემ ასევე თქვა, რომ არ აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის დატოვებას. მანვე დასძინა, რომ ოპოზიციაში რჩებიან, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პოზიციას იზიარებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით კირკიტაძემ რუსთაველი წევრების მიერ პარტიის დატოვებამდე ოთხი დღით ადრე ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ „რუსთავში ძალიან არასასიამოვნო და მიუღებელ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაც ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლის და ის ადამიანები ვინც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესებში, თუნდაც ირიბად, ვეღარ დაიკავებენ ვერცერთ პოზიციას, რაც დაკავშირებული იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს გადაწყვეტილება პროცედურულად გაფორმდება უახლოეს დღეებში“.

კირკიტაძემ ბოდიში მოუხადა ყველას, „ვინც ამ დღეებში ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას“.
ამჟამად მოედანი ახალ მეიჯარეს რჩება, კლუბ „ფენიქსს“ კი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, სტადიონს მერია აუშენებს, რისი პირობაც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG