Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება არაფერს ამბობს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შესახებ


წყალდიდობა ქალაქ ორსკში
წყალდიდობა ქალაქ ორსკში

რუსეთის ორენბურგის ოლქში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლება ამას საჯაროდ არ აღიარებს.

დამოუკიდებელი გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ დაღუპულთა ნათესავებისა და მოხალისეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ ქალაქ ორსკში დაიღუპა ოთხი, ხოლო ქალაქ ორენბურგის მახლობლად ერთი ადამიანი. გამოცემა ასახელებს ხუთივეს სახელს და გვარს და ასაკს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრ კურენკოვმა, რომელიც 15 აპრილს იმყოფებოდა ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში, განაცხადა, რომ არავინ დაღუპულა. მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ წყალდიდობის შედეგად ორსკსა და ორენბურგში დაღუპული არავინაა. „ვაჟნიე ისტორიის“ ინფორმირებული წყაროების თანახმად, ათ დღეზე მეტია ქალაქ ორსკში დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ადამიანი.

რუსეთის ურალის მხარეში აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყო წყალმოვარდნები, რომლის გამოც ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. განსაკუთრებით დაზარალდა ორენბურგის ოლქი, სადაც 5 აპრილს მდინარე ურალმა ქალაქ ორსკში დამბა გაარღვია. ორსკსა და ორენბურგში წყალში აღმოჩნდა ათასობით სახლი. ევაკუაცია დასჭირდა 16 ათასზე მეტ ადამიანს.

ხელისუფლებამ დღეს ევაკუაციისკენ მოუწოდა ურალის მხარის ტიუმენის ოლქის ქალაქ იშიმის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას. წყალმოვარდნის გამო ტიუმენის ოლქში საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა ფედერალურ მაგისტრალებზე. ევაკუაციისკენ მოუწოდეს კურგანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ კურგანის მოსახლეობასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG