Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გავათავისუფლეთ


15 აპრილს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან 14 ადამიანი დააკავა.
15 აპრილს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან 14 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 15 აპრილს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებიდან ოთხის გათავისუფლების შესახებ. უწყების ცნობით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, დანარჩენი ათი დემონსტრანტი კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება.

შსს-ს მტკიცებით, ყველა დაკავებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ როგორც ადვოკატებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

" მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა წინააღმდეგობაშია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ "დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც." სახალხო დამცველმა ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

აქციაზე დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" - უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ ადვოკატები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულების ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს:

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

"უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.

სხვა მხრივ კანონპროექტი უცვლელია.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG