Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობასთან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს


16 აპრილი, 2024 წელი. საპროტყესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
16 აპრილი, 2024 წელი. საპროტყესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ. ვითარება დაიძაბა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან. აქციის მონაწილეებსა და მოძრაობა „ახლის“ ლიდერებს პოლიციამ აიძულა შენობის გვერდითა შესასვლელი დაეტოვებინათ.

პარლამენტის შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან.
პარლამენტის შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან.

რუსთაველის გამზირზე კი აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

მოქალაქეები იმყოფებიან პარლამენტის შენობის უკანა მხარესაც.

დემონსტრანტები „რუსულ კანონს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოუწევთ დარეგისტრირება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებიდან და ფონდებისგან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიტანოს.

პოლიციის დანაყოფები პარლამენტის მიმდებარედ.
პოლიციის დანაყოფები პარლამენტის მიმდებარედ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის
თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს
მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

პარლამენტის შენობასა და მის გარეთ მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი
გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ
ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით განხილვა 16 აპრილს, 21:00 საათზე შეწყდება და 17 აპრილს გაგრძელდება.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG