Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 აპრილს „აგენტების კანონის“ განხილვაზე პარლამენტში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინმედიას


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, პარლამენტში 17 აპრილს კვლავ იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“, - წერია განცხადებაში.

„აგენტების კანონის“ განხილვის გასაშუქებლად პარლამენტის შენობაში კვლავ არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

„შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო მედიის ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტა, "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად რატომ ჩაიკეტა საკანონმდებლო ორგანოს კარი ონლაინმედიის ჟურნალისტებისთვის. უსაფრთხოების "ყვითელი დონე" პარლამენტში 15 აპრილის შემდეგ მოქმედებს.

„ონლაინგამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი - შეუძლიათ გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო და მოქალაქეებს უამბო, რა ხდება პარლამენტში და ნაცვლად ამისა მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი პარლამენტში გამოხატავს პროტესტს ან დააფიქსირებს თავის სამოქალაქო პოზიციას, ეს შეიძლება თუ არა გახდეს საბაბი იმისთვის, რომ პარლამენტმა ყველა სხვა ტელევიზიის წარმომადგენლების დაშვება შეზღუდოს საკანონმდებლო ორგანოში, პაპუაშვილმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები სწორედ იმ რისკების პრევენციისთვის მოქმედებს, რაც შეიძლება შექმნას წესების დამრღვევი ჟურნალისტებისა და ვიზიტორების აქტივობებმა პარლამენტში.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებენ რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტებიც - ჩვეულებრივ რეჟიმში პარლამენტში მოხვედრა მედიისთვის დროებითი საშვითაც არის შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG