Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატის ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს ჯონსონის გეგმას


კაპიტოლიუმის შენობა. ვაშინგტონი, 1 აგვისტო, 2011.
კაპიტოლიუმის შენობა. ვაშინგტონი, 1 აგვისტო, 2011.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი ძალოვანი კომიტეტისა და ერთი ქვეკომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარს უჭერენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გეგმას, მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე გაიტანონ ცალ-ცალკე კანონპროექტები უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების თაობაზე. აქამდე ეს წინადადებები მოქცეული იყო ერთობლივ პაკეტში, რომელიც ამ სახით დაამტკიცა სენატმა თებერვალში.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. მათი ნაწილი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია. მიიჩნევა, რომ თუკი პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანენ, ის წარმომადგენელთა პალატის მიერაც იქნება მოწონებული დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელთა ნაწილის მხარდაჭერის წყალობით.

ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელთა ფრთა ჯონსონისგან მოითხოვდა, არ დაეყენებინა პაკეტი კენჭისყრაზე, რასაც იგი მართლაც დიდხანს არ აკეთებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა შეიცვალა პოზიცია, შენიშნავს BBC.

„სპიკერმა ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მხარს დაუჭერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ ზედმეტი დრო არ გვაქვს, როცა საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. დახმარების ეს პაკეტი მიმდინარე კვირაში უნდა მივიღოთ“, - მოჰყავს Reuters-ს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების, უცხოეთის საკითხთა, დაზვერვის, საბიუჯეტო კომიტეტებისა და თავდაცვის ბიუჯეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG