Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Foreign Affairs წერს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და მის ჩაშლაზე


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ფოტოკოლაჟი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ფოტოკოლაჟი

რუსეთმა და უკრაინამ 2022 წელს მოამზადეს რამდენიმე ვერსია სამშვიდობო მოლაპარაკებისა, რომელსაც ომი უნდა დაესრულებინა - თუმცა საბოლოო ტექსტი არ შეათანხმეს. დოკუმენტში განიხილებოდა ევროპის ომისშემდგომი წესრიგი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ბრძოლის შეწყვეტის ზუსტი გეგმა. ამასთან, მხარეები განიხილავდნენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ამერიკის შესაძლო გარანტიებს, მოლაპარაკებებში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ წერს ამერიკული ჟურნალი Foreign Affairs, 16 აპრილს.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის და უკრაინის დელეგაციებმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს სამშვიდობო მოლაპარაკების განხილვის მიზნით. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შემდგომში აცხადებდა, რომ შეთანხმება მზად იყო, თუმცა მასზე ხელმოწერა უკრაინამ ჩაშალა. გამოცემა წერს, რომ არანაირი საბოლოო ტექსტი არ ყოფილა შეთანხმებული.

თუმცა, წერს Foreign Affairs-ი, 2022 წლის აპრილისთვის უკრაინამ მოამზადა სამუშაო ვერსია კომუნიკესი მოლაპარაკებებზე, რომელშიც განიხილებოდა მისი, როგორც ნეიტრალური და ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს სტატუსი. რუსეთი დათანხმდა ამ ტექსტის მიღებას სამომავლო შეთანხმების საფუძვლად.

კიევი თანხმდებოდა მისი ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული უცხოეთის სამხედრო ბაზებისთვის და უარი ეთქვა სამხედრო გაერთიანებებში გაწევრიანებაზე. ტექსტის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის გარდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები მომავალში უნდა ყოფილიყვნენ ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი. კიევს სიაში თურქეთის ჩართვაც სურდა, მოსკოვს - ბელარუსის. კომუნიკეს თანახმად, თუ უკრაინა თავდასხმას დაექვემდებარებოდა და დახმარებას ითხოვდა, გარანტიის გამცემი ყველა სახელმწიფო ვალდებული ხდებოდა კიევისთვის დახმარება გაეწია, უკრაინის უსაფრთხოების აღსადგენად.

საუბარი ეხებოდა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, იარაღის მიწოდებას ან პირდაპირ ჩარევას გარანტიის გამცემი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მხრიდან. ამასთან, გარანტიის გამცემ სახელმწიფოებს - რუსეთის ჩათვლით - ხელი უნდა შეეწყოთ უკრაინის გაწევრიანებისთვის ევროკავშირში.

დოკუმენტის პროექტში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს და უკრაინას ყირიმის საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაეწყვიტათ ათიდან 15 წელიწადის განმავლობაში. მას მერე, რაც რუსეთმა 2014 წელს ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა, მოსკოვი არ თანხმდებოდა მისი სტატუსის განხილვას და ყირიმს რუსეთის რეგიონად აცხადებდა. რეგიონის სტატუსის განხილვის შეთავაზებით კრემლი ირიბად აღიარებდა, რომ ეს ასე არ იყო - წერს გამოცემა Foreign Affairs.

მოსკოვი ახლა აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ზეწოლის გამო, რასაც იგი უარყოფს. გამოცემა ამგვარ ინტერპრეტაციას "კარიკატურულს" უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები "ღრმა სკეპტიციზმით" ეკიდებოდნენ მზადების პროცესში მყოფ შეთანხმებას.

აშშ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც იმ დროს უკრაინის მიმართ პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა, ჟურნალს უთხრა, რომ უკრაინელებს ვაშინგტონთან კონსულტაცია არ ჰქონიათ კომუნიკეს გამოქვეყნებამდე - თუმცა კომუნიკეში აღწერილი შეთანხმება აშშ-ს უქმნიდა ახალ იურიდიულ ვალდებულებებს, მათ შორის რუსეთთან ომში შესვლის ვალდებულებას, თუკი კრემლი კვლავ შეიჭრებოდა უკრაინაში. გამოცემის თანახმად, უკვე ეს ერთი პირობაც კი ამ შეთანხმებას მიუღებელს ხდიდა ვაშინგტონისთვის.

Foreign Affairs აღნიშნავს, რომ ომის მიმდინარეობის ორი წელიწადის განმავლობაში ვაშინგტონს და ევროკავშირის ქვეყნებს არ გამოუვლენიათ მზაობა სარისკო დიპლომატიისთვის უკრაინის საკითხზე, ან იმისათვის, რომ რეალურად იკისრონ ამ ქვეყნის დაცვის ვალდებულება.

Foreign Affairs წერს, რომ 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერესი მოლაპარაკებებისადმი შემცირდა ამ საკითხის მიმართ დასავლეთის ენთუზიაზმის ნაკლებობის გამო. ხოლო როცა რუსეთის არმიამ კიევისგან უკან დაიხია, უკრაინამ ირწმუნა მოსკოვის ძალებთან სამხედრო გამარჯვების შესაძლებლობა. ამასთან, საზოგადოება შეაძრწუნა რუსეთის სამხედროების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვამ ბუჩასა და ირპენში. კიევმა რუსეთს უფრო და უფრო მკაცრი მოთხოვნები წაუყენა, არმიის დონბასიდან გაყვანის ჩათვლით. მოლაპარაკებები მალე მიილია.

2022 წლის სექტემბერში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებებს უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა მათი ფორმალური ანექსიის პროცესის დაწყება. ზელენსკიმ იმავე დღეს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც უკრაინას უკრძალავდა მოლაპარაკების წარმოებას პუტინთან.

თუმცა სისხლიანი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს მოლაპარაკება შეგვახსენებს, რომ პუტინი და ზელენსკი ომის დასრულების მიზნით კომპრომისებისთვის იყვნენ მზად - აღნიშნავს Foreign Affairs. გამოცემა თვლის, რომ მომავალში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და ომისშემდგომი შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებები ერთმანეთის პარალელურად უნდა იმართებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG