Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი აქციაზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს


ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და მათზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ მონიტორინგის ანგარიშს.

16 აპრილს:

  • საღამოს საათებში, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის წევრები გაიყვანეს, აქციის მონაწილეებს არ მისცეს უკანა შესასვლელთან მიახლოების შესაძლებლობა და პროტესტის გამოხატვის უფლება.

„შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი“, - განმარტავს სახალხო დამცველი.

  • სამართალდამცავები მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების დროსაც იყენებდნენ „წიწაკის სპრეის“. იგივე საშუალებებს იყენებდნენ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დადევნების დროსაც.
  • აქციის დაშლის შესახებ გამაფრთხილებელი ხმოვანი შეტყობინების გაჟღერების დროს აქცია იყო მშვიდობიანი ფორმის.

„შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის... აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი ასევე საუბრობს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და დაკავებულების უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევებზეც. ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების მოქალაქეებზე ძალადობა დროულად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

„16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას“, - აცხადებს სახალხო დამცველი

პირველად ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებიც:

„შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის“ ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG