Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


უკრაინელი მაშველები მუშაობენ ქალაქ ჩერნიგოვში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის რაიონში.
უკრაინელი მაშველები მუშაობენ ქალაქ ჩერნიგოვში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის რაიონში.

მაშველები მუშაობას განაგრძობენ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. რუსეთის არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 18 აპრილს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაშავებულია 77 ადამიანი. 17 აპრილს დადასტურებული იყო 17 ადამიანის სიკვდილი და 60-ის დაშავება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანი გადაარჩინეს. სარაკეტო დარტყმის რაიონიდან გატანილია 1580 ტონა სამშენებლო ნარჩენები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაინგრა რვასართულიანი შენობა და დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი სახლი, საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. უკრაინა ამ სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით აშშ-სგან მიწოდების შემცირების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თებერვალში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა წარმომადგენელთა პალატაში.

უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი მოკავშირეები არაერთხელ გააფრთხილა, რომ მათი სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინის თავდაცვის ძალებს უკან დახევა მოუწევთ.

XS
SM
MD
LG