Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ნიუ-იორკში განახლდება დონალდ ტრამპის სასამართლო


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში. 15 აპრილი, 2024.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში. 15 აპრილი, 2024.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპრეცედენტო სასამართლო პროცესი 18 აპრილს განახლდება ნიუ-იორკში. მოსამართლე შეეცდება, დაასრულოს მსაჯულთა შერჩევა და მომავალი კვირის დამდეგს დაიწყოს არგუმენტების მოსმენა პოლიტიკურად ფეთქებადი საქმის თაობაზე.

ისტორიაში ეს სისხლის სამართლის პირველი საქმეა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, თანაც ისეთისა, რომელიც ხელახლა არჩევისთვის იბრძვის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის შეეცადა დაემალა პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის ფაქტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც მან გამარჯვება მოიპოვა.

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ტრამპის მხრიდან თაღლითობა ან ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. ეს შეიძლება კვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.

დენიელსი ამტკიცებს, რომ მას ტრამპთან სექსი ჰქონდა 2006 წელს და რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მას ფული გადაუხადა, რათა ეს ამბავი არ გაეხმაურებინა.

დონალდ ტრამპს, რომელიც წლევანდელი საპრეზიდენტო კანდიდატია, თაღლითობის 34 ბრალდება აქვს წაყენებული. ტრამპი უარყოფს რაიმე სამართლებრივ კანონდარღვევას, ასევე უარყოფს, რომ დენიელსთან რომანი ჰქონდა.

სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებთან ერთად თავი მოიყარეს ტრამპის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა. სასამართლოს შენობის გარშემო დადიოდა სატვირთო მანქანა ექსპრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროშით. ტრამპის ათეულობით მოწინააღმდეგეს ეჭირა ტრანსპარანტები წარწერით „ვერავინ იდგება კანონზე მაღლა“.

XS
SM
MD
LG