Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით


ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთვება „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რა დროსაც აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებენ. თბილისი, 16 აპრილი
ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთვება „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რა დროსაც აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებენ. თბილისი, 16 აპრილი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით.

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა.

ტელეარხი მიიჩნევს, რომ ეს იყო მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა ისჯება ჯარიმით, გამოსასწორებელი შრომით ან შინაპატიმრობით.

კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს.

„აგენტების კანონი“ ეხება საქართველოში არსებულ არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის „ტაბულას“, „პუბლიკას“, „აპრილს“, რომელთა ჟურნალისტებზეც აქციის დაშლის დროს იძალადეს სამართალდამცავებმა. ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები გაერთიანებულია ერთ დიდ საქმეში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავების მხრიდან „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი: სამართალდამცავის მხრიდან ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.

"აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“. ონლაინმედიის ჟურნალისტებს ბოლო ერთი კვირაა, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში მუშაობას უკრძალავს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება 17 აპრილს 19 საათიდან გააპროტესტეს მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც.

16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG