Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადაყენებას ცდილობს


ქალაქი რუსთავი
ქალაქი რუსთავი

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას, გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომას იწვევს. ეს საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლის ფონზე ხდება. ნოდარ შეროზია გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრია.

თავმჯდომარის სახელზე შეტანილი განცხადების თანახმად, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს ყველა თანამდებობის პირის გადაყენებაც სურს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობა „ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს“, აფერხებს გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის - მერიის პროექტების დამტკიცებას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მარი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ოთხი წევრი, რაც დამატებითი საფუძველია საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენებისთვის.

მარი ლიპარტელიანი, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი
მარი ლიპარტელიანი, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი წლის განმავლობაში საკრებულო მხოლოდ „საბოტაჟით“ იყო დაკავებული, რაც ქალაქის განვითარებისთვის დამაზიანებელი იყო.

ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი
ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რუსთავის 35-წევრიანი საკრებულოს უმრავლესობა ჩამოაყალიბეს „ნაციონალური მოძრაობის“ 16 წევრმა და გიორგი გახარიას პარტიის სამმა წარმომადგენელმა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ. „ქართულ ოცნება“ 16 წევრით უმცირესობაში აღმოჩნდა და უარი თქვა რამდენიმე შეთავაზებულ თანამდებობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 18 ხმაა საჭირო.

უმრავლესობა დაიშალა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე წევრის გასვლის შემდეგ. შიდაფრაქციული უთანხმოების გამო, რომელიც რუსთავის ერთ-ერთი სტადიონის იჯარით გაცემას მოჰყვა, 15 აპრილს ფრაქციიდან და პარტიიდან გავიდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბერიძე, ფრაქციის თავმჯდომარე ზურაბ ბერაძე და ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მორგოშია. ორი დღით ადრე, პარტია და ფრაქცია დატოვა ნინო სულაძემ, რომელიც „ლელოში“ გადავიდა.

დღეისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა რაოდენობა თერთმეტამდეა შემცირებული.

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენელმა მარი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელოდებიან თავმჯდომარის თანხმობას რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, თუმცა საკრებულოს რეგლამენტით, სხდომის მოწვევა ფრაქციასაც შეუძლია.

გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ჯაიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ აპირებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ის მაინც ჩატარდება. ჯაიანის თქმით, მათი ფრაქცია სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ. ის სამი წევრი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვითომ გავიდა, რეალურად კი ისევ იქ არიან, „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს, ყველა საკითხში დაეთანხმება და ყველა საკითხს გაიტანენ, სწორედ ისინი აფერხებდნენ საკრებულოს მუშაობას და მათი მონაწილეობით ახალი კოალიციური უმრავლესობა იქმნება“, - თქვა ზაზა ჯაიანმა.

ზაზა ჯაიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი
ზაზა ჯაიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ, კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ იმოქმედებენ „ქალაქის ინტერესების შესაბამისად“.

„ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ჯობია დღეს ქალაქისთვის, მოქალაქეთა ინტერესებისთვის. ფაქტია, საკრებულოში კრიზისი შეიქმნა, ვითარება განსამუხტია, რომ საკრებულომ შეძლოს ფუნქციონირება და გადაწყვეტილებების მიღება. ამავე დროს, ფრაქციიდან გასულები ვრჩებით ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც ქალაქს სჭირდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით და ასევ ვიქნებით მომავალშიც“, - თქვა ალექსანდრე ბერიძემ.

ზურა ბერაძემ, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „საკრებულოს სჭირდება კოალიციური მართვა და გადაწყვეტილებებიც კოალიციურად უნდა მივიღოთ“.

გუშინ, 18 აპრილს, ჩატარდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელზეც ფრაქციის ახალ თავმჯდომარედ შავლეგ მანდარია აირჩიეს. რადიო თავისუფლებასთან კომენტარში მან განაცხადა, რომ არ აპირებენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას.

„ჩვენ არავისთან გვქონია კონსულტაცია და არც ვაპირებთ რომელიმე ფრაქციასთან თუ დამოუკიდებელ წევრთან ხელმძღვანელთა გადაყენება-არგადაყენების საკითხზე კონსულტაციების გამართვას“, - თქვა შავლეგ მანდარიამ. ამასთან, დასძინა, რომ საკრებულოში შექმნილი რეალობა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საარჩევნო გარემოს დააზარალებს - ხელისუფლებას ექნება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მეტი შესაძლებლობა, თუმცა შეეცდებიან, ამის შესაძლებლობა არ მისცენ.

XS
SM
MD
LG