Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ოპოზიციური პარტია: "ქართული ოცნება" საპოლიციო დანაყოფებს უკანონოდ იყენებს


საპოლიციო კორდონი მთავრობის ადმინისტრაციასთან. 17 აპრილი, 2024 წელი
საპოლიციო კორდონი მთავრობის ადმინისტრაციასთან. 17 აპრილი, 2024 წელი

შვიდი ოპოზიციური პარტია [ახალი, გირჩი მეტი-თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი] ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც „მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

პარტიები მიმართავენ შსს-ს წარმომადგენლებს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

  • „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან
  • მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე“.

პარტიები, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოუწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან.

19 აპრილს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების“ მიზეზად დაასახელა სამართალდამცველების მიმართ „გაჟღერებული გაუგონარი შეურაცხყოფა“.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია, ფაქტობრივად, დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ, მათ შორის, დიმიტრი ბერიძეს და როგორ ეხეთქება იგი დავარდნისას კედელს.

16 აპრილის ღამის საათებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის აქციაზე დაკავებული 16 პირიდან 11 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და რეაგირებას ითხოვდა.

17 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე“.

XS
SM
MD
LG