ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ. მათ შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს.
მათი მოთხოვნა დღესაც უცვლელია - მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვიოს.
„ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენი პარტიაა საქართველო“, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა, უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - „ხალხის ძალიდან“ და ერთმა - „ევროპელი სოციალისტებიდან“.
პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა „აგენტების კანონპროექტს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.