Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. 19 აპრილი, 2024 წელი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. 19 აპრილი, 2024 წელი

19 აპრილის საღამოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა არ კონკრეტდება ჯარიმის ოდენობა.

„14 აპრილს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები - 2005 წელს დაბადებული ოთარ ტერაშვილი, 2008 წელს დაბადებული თამაზ ეცადაშვილი და 2004 წელს დაბადებული ვალერი გიუნაშვილი. 19 აპრილს ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ“. დაეკისრათ ჯარიმის გადახდა და გაძევებულები არიან რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეები ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში ამჟამად საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

XS
SM
MD
LG