Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეგიონებში 50 დრონი ჩამოაგდეს. დაიღუპა ორი ადამიანი


უკრაინელი სამხედროები უშვებენ უპილოტო საფრენ აპარატს (UAV) ფრონტის ხაზთან ზაპოროჟიეს რეგიონში, 2024 წლის 2 თებერვალი. საილუსტრაციო ფოტო
უკრაინელი სამხედროები უშვებენ უპილოტო საფრენ აპარატს (UAV) ფრონტის ხაზთან ზაპოროჟიეს რეგიონში, 2024 წლის 2 თებერვალი. საილუსტრაციო ფოტო

20 აპრილის ღამეს რუსეთის რვა რეგიონში ორმოცდაათი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს.

უწყების ცნობით, 26 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, ათი ბრაიანსკის, რვა კურსკის ოლქის თავზე, ორი ტულის რეგიონში და თითო სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის რაიონებში.

ბელგოროდის რაიონის სოფელ პოროზში, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო საცხოვრებელ სახლს.

„დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - ქალი, რომელიც იწვა მოტეხილი თეძოებით და მამაკაცი, რომელიც მასზე ზრუნავდა, გარდაცვლილის შვილმა ბოლო მომენტში მოახერხა გაქცევა ცეცხლმოკიდებული სახლიდან“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ბრაიანსკის ოლქზე მიტანილი შეტევის შედეგად ხანძარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს გაუჩნდა.

დრონმა ასევე დააზიანა კალუგის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. არავინ დაშავებულა.

სმოლენსკის ოლქში საწვავი და საპოხი მასალების კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც კურსკის ოლქში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონებს ხშირად უტევენ დრონებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის თავდასხმების „ჩახშობის“ და რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესახებ. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.

თავის მხრივ, ოდესის რეგიონში, რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იტყობინება უკრაინული მხარე. მათი ცნობით, განადგურებულია კონტეინერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, რომლებიც უნდა გატანილიყო აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG