Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინსტიტუტმა თბილისში "ტრადიციული ფასეულობების" ფორუმი გამართა


საილუსტრაციო ფოტო: თბილისი აბანოთუბანი
საილუსტრაციო ფოტო: თბილისი აბანოთუბანი

დღეს 22 აპრილს თბილისში, აბანოთუბანში ერთ-ერთ სასტუმროში რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა , ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა კონფერენცია ჩაატარეს და განიხილეს თემა „ტრადიციული ფასეულობები როგორც ქვეყენებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

შეხვედრა, კონფერენციის „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2024. მიზიდულობის ძალები“ ​- ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ რუსული კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტი (НИИКР) და საქართველოში მოქმედი პრორუსული არასამთვრობო ორგანიზაციები "ევრაზიის ინტიტუტი" და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „SIKHA Foundation“.

ევრაზიის ინტიტუტის დირექტორის გულბაათ რცხილაძის სიტყვებით „კონფერენცია იყო ფასეულობათა სისტემაზე... სპეციალისტების შეხვედრა იყო, ეს არ იყო მასობრივი“.

მისივე სიტყვებით „მნიშვნელოვანია რომ შეხვდით, შედეგი რა იქნება ცოტა მერე დავინახავთ, მთავარია გალღვეს ყინული და დაიწყოს კონტაქტები... უნდა შედგეს ქართულ- რუსულ-ოსური დიალოგი“,- უთხრა გულბაათ რცხილაძემ რადიო თავისუფლებას.

როგორც გამოცემა „აგენსტვო“ წერს რუსული კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტი (НИИКР) 2020 წლიდან არსებობს, მის თანადამფუძნებლებს შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი - კაგებეს ყოფილი რეზიდენტი კოპენჰაგენში. მეორე თანადამფუძნებელი მეწარმე ირინა ზავესნიცკაიაა, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციით იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, რომელზეც, კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის (НИИКР) დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი.

ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული გასუმიანოვის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ის მსახურობდა კაგებში და ეფესბეში 1982- 2001 წლებში. 2015 წლიდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში „ნორნიკელის“ კორპორატიული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა НИИКР -ის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საბჭოთა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სხვა ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ეფესბეს მე-5 სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის განყოფილების ყოფილი უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბოლიუხი, ეფესბეს კონტრდაზვერვის ოპერაციების დირექტორატის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ბორის მიროშნიკოვი, ასევე კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალენტინ სობოლევი.

აღსანიშვანია, რომ თბილისამდე НИИКР- ის ღონისძიება გაიმართა ცხინვალში. 19 აპრილს შეხვედრაზე განიხილეს „ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოების როლი თანამედროვე მსოფლიოში, ალიანსური ურთიერთობების განვითარების მექანიზმები“.

კონფერენციის შესახებ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო ცხინვალში გამართული ღონისძიების მონაწილეს, НИИКР- ის დირექტორის მოადგილეს სამეცნიერო საკითხებში ვალენტინა კომლევას, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ კომლევა თბილისში არ ჩამოსულა.

"არ არის საქართველოში ქალბატონი ვალენტინა [კომლევა] მე გავაფრთხილე ქალბატონი ვალენტინა, რომ ვერ შემოვიდოდა, იქ თუ ჩავიდოდა, ცხინვალშო აქ ვერ ჩამოვიდოდა და ეს მან გაიგო, მათ სურვილი კი არ არის საქართველოს წინააღმდეგ რაიმე, არამედ დალაგდეს ურთიერთობები ჩვენს და ოსებს შორის. ჩვენ ქართველები ვართ ისინი ოსები არიან სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ დღესდღეობით, რუსების დახმარება საჭიროა ამ საკითხში, ეგ კი ესმის ყველას“, - უთხრა გულბაათ რცხილაძემ რადიო თავისუფლებას.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დამრღვევებს ქართველი მესაზღვრეები ხშირად ქვეყანაში არ უშვებენ.

მიმდინარე წლის თებერვალში НИИКР-მა ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთისთვის "შედარებით მეგობრული" ქვეყანაა. კვლევაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან. დაინტერესდით რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდით ჩვენს ქვეყანაში“.

XS
SM
MD
LG