Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი


ფოტო: ილუსტრაცია. თბილისი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია.
ფოტო: ილუსტრაცია. თბილისი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ანდრო ჭელიძეზე იძალადეს.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, „ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია“.

ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.

დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

XS
SM
MD
LG