Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი უკრაინას გადასცემს სისტემა Patriot-ის რაკეტებს, გამშვებ დანადგარს - არა - "ელ პაისი"


ესპანეთმა გამორიცხა უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტის" დანადგარის გადაცემა, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებს მიაწვდის. საილუსტრაციო ფოტო
ესპანეთმა გამორიცხა უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტის" დანადგარის გადაცემა, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებს მიაწვდის. საილუსტრაციო ფოტო

ესპანეთი უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის რაკეტების გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ესპანურ გამოცემა „ელ პაისზე“ დაყრდნობით წერს.

ცნობაში მითითებულია, რომ ესპანეთმა გამორიცხა უკრაინისათვის საზენიტო სისტემა „პეტრიოტის“ დანადგარის გადაცემა და უკრაინის არმიას მხოლოდ ამ სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებს მიაწვდის.

ეს იქნება მცირე პარტია, რადგან ესპანეთის სამხედრო რეზერვში დაახლოებით 50 ასეთი სისტემაა, ხოლო ანტისაჰაერო სისტემის რაკეტები ძალიან ძვირია, - აღნიშნავს გაზეთი.

მანამდე საბერძნეთმა თქვა უარი უკრაინისათვის თავის შეიარაღებაში არსებული სისტემა Patriot-ისა და S-300-ის გადაცემაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, განაცხადა, რომ ეს სისტემები „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ თავად ათენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე, უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ კიევი უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემით, როგორიცაა სისტემა Patriot-ი.

19 აპრილს, უკრაინა-ნატოს საბჭოს თავდაცვის მინისტრების სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის სულ მცირე შვიდი „პეტრიოტის“ ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ცის სრული დაფარვისთვის უკრაინას სჭირდება „პეტრიოტის“ 25 სისტემა. თითოეული სისტემა 6-8 ბატარეისგან შედგება.

მინისტერიალის წინ ცნობილი გახდა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ერთ სისტემა „პეტრიოტს“ გადასცემს.

ეს იქნება უკრაინისთვის გერმანიის მიერ გადაცემული უკვე მესამე სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“, რომლის ერთი რაკეტა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს.

XS
SM
MD
LG