ივანიშვილმა უკვე პირადად გაავრცელა ცნობილი შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.
„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე.
მანამდე შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აგრეთვე - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.
ეს იყო კონტრაქცია უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტისა, რომელიც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში იმართება დედაქალაქში.
29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.