Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის ინსტრუმენტია - ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რატომ გადაწყვიტა „აგენტების კანონის“ მიღება.
ბიძინა ივანიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რატომ გადაწყვიტა „აგენტების კანონის“ მიღება.

„სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“, - აცხადებს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები „სრული სიმართლის თქმას ... ერიდებიან“ - „სრული სიმართლე კი ისაა, რომ 'ენჯეოების' გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო“.

მანამდე მან განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა, რომელიც, თავის მხრივ, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იყო მართული.

„მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული 'ღამურების' - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს“, - განაცხადა მან.

ივანიშვილმა განმარტა, რომ შარშან კანონის გაწვევას „ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა“:

  1. „მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა;
  2. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შეჰქმნოდა“.

მისი თქმით, წელს ვითარება „რადიკალურად განსხვავებულია - 'ნაციონალებმა' და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს“.

მან აქვე განაცხადა: „ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ“. ამ მტკიცების არგუმენტად კი თქვა, რომ „გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას“.

კერძოდ, ივანიშვილმა გააკრიტიკა „ვეტინგის“ ინიციატივა და განაცხადა, რომ „სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთ წოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს“.

მისი ვარაუდით, ხელისუფლება, კანონის მიღების გარეშე, საარჩევნოდ მორიგი კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა: „იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ“.

ივანიშვილის მოსაზრებით, „ლგბტ პროპაგანდისა“ და „აგენტების“ კანონების ინიციირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა:

„ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია“, - განაცხადა მან.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული "საერთო-სახალხო შეკრება" "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით დასრულდა.

მანამდე შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.

29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG