Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში მიდიან


ბათუმში ევროპის მოედანზე იკრიბებიან თბილისში პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე წამსვლელები.
ბათუმში ევროპის მოედანზე იკრიბებიან თბილისში პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე წამსვლელები.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები დედაქალაქში თვითორგანიზებით მიდიან ბათუმიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან. პარალელურად, ის ადამიანები, ვინც თბილისში ჩასვლას ვერ ახერხებენ, აპირებენ მშობლიურ ქალაქებში გამართონ აქციები სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ. "რუსულ კანონად" წოდებული კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ თითქმის ორი კვირაა, მიმდინარეობს უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტი.

თბილისში წასვლის მსურველები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ ბათუმში - როგორც იქ მყოფებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, აქციაზე ბათუმიდან გამგზავრება სამოქალაქო ინიციატივაა, რასაც შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბათუმში რჩება და იქ აგრძელებს საპროტესტო აქციებს “აგენტების” კანონის წინააღმდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბათუმში რჩება და იქ აგრძელებს საპროტესტო აქციებს “აგენტების” კანონის წინააღმდეგ.

“საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე, საქართველოს მომავალზე. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ამ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ყველას ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ მათი რიგები და ივანიშვილის ოცნება, რომ შემოდგომამდე ძალა შემოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან - თვითონ დავქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე”, - თქვა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ თბილისში გამგზავრებამდე. მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის წალენჯიხიდან თბილისში მოქალაქეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მერიის თანამშრომლებიც მიდიან.

სრულად მოქალაქეების შემოწირულებებით მოხდა ზუგდიდიდან თბილისში წასვლის მსურველთა მგზავრობის ორგანიზება და დაფინანსება.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ ინიციატივას, რომელიც სოციალურ ქსელში დააანონსეს, მოქალაქეები გამოეხმაურნენ და გამგზავრების ხარჯების დასაფარად თანხა მოაგროვეს.


ზუგდიდელ აქტივისტებს შეუერთდნენ ჩხოროწყუდანაც. მათ შორის იყო მასწავლებელი სოფიო გოგოხია:


“დღეს ყველა ერთად უნდა დადგეს შვილების გვერდით. დღეს ჩვენი ბედი წყდება, საქართველოს მომავალი ამაზეა დამოკიდებული. არ შეიძლება, რომ დღეს გაიმარჯვოს საოკუპაციო რეჟიმმა… ვნახეთ ჩვენ სასტიკად ნაცემი ჩვენი გოგონები, ბიჭები და წარმოუდგენელია, დღეს ვინმე დუმდეს”, - თქვა თბილისში გამგზავრებამდე აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის მასწავლებელმა სოფიო გოგოხიამ.

თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია საღამოს ხუთი საათიდან არის დაგეგმილი - პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.

30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია - დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდნენ აქციის ხუთი მონაწილე და ექვსი პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG