Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შორის "კომპრომისის საგნად" იქცეს - ახრა ბჟანია


ახრა ბჟანია
ახრა ბჟანია

აფხაზეთის ომის ვეტერანი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ახრა ბჟანია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

"არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს იმ რედაქციით, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთშია შეთავაზებული", - წერს ის სოციალურ ქსელში.

ახრა ბჟანია დარწმუნებულია, რომ მსგავსი კანონი მთავრობებს აძლევს საშუალებას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პრაქტიკულად, თვითნებურად მოახდინოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის არასასურველად ინტერპრეტირება. ასევე - შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, შრომის, შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.

ბჟანია ამავე სტატუსში განიხილავს, რას შეიძლება ნიშნავდეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკური დაახლოება, რომლის მცდელობადაც "აგენტების კანონის" შემოტანას განიხილავს ის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იგი თვლის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბების მძლავრი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

"რეალობა, რომელშიც ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა რუსეთსა და საქართველოს შორის მეორე პლანზე გადაწევს ჩვენი მეზობლების ევროპული ინტეგრაციის იდეას. და მერე... ვინ იცის, რა იქნება ასეთი კომპრომისების საგანი. აფხაზეთი? არ არის გამორიცხული", - წერს თვითგამოცხადებული პარლამენტის წევრი. ის ამტკიცებს, რომ საქართველო დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთის საკითხის განხილვას რუსეთთან, ზოგიერთი რუსი ექსპერტი კი ამ სცენარს დასაშვებად და შესაძლებლად მიიჩნევს.

"თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში, შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ მაინც არსებობს აფხაზურ-ქართული ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გულისხმობს ძირითად ღირებულებებზე თანხმობას და ურთიერთაღიარებას. სხვისი თავისუფალი არჩევანი მხოლოდ მას შეუძლია აღიაროს, ვინც საკუთარ თავისუფალ არჩევანს აფასებს და ამ კონტექსტში "ქართული ოცნება" თავისი ოცნებებით, შეუზღუდოს საკუთარ მოქალაქეებს უფლებები და თავისუფლებები, ალბათ, არ იქნება ყველაზე პერსპექტიული მომლაპარაკებელი, თუკი საქმე აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს შეეხება", - წერს ბჟანია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "აგენტების კანონის" მსგავსი კანონი ინიციირებულია, თუმცა განხილვამდე საქმე არ მისულა. საქართველოში ეს სადავო კანონპროექტი 2024 წლის აპრილში მეორედ დააბრუნა პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ". კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნაწილში "რუსულ კანონად" მიიჩნევა, პარლამენტმა ხალხმრავალი აქციების პარალელურად ორი მოსმენით უკვე მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG