Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: დაუშვებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი გამოეხმაურა 7 მაისს „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის ფაქტს. განცხადებაში იგი ახსენებს ასევე პედაგოგ ლადო აფხაზავაზე 5 მაისს მომხდარ თავდასხმას და მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თითოეული შემთხვევა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ, ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებები გაატარონ.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

7 მაისს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

IDFI-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან. ორგანიზაციის თანახმად, კლდიაშვილს მიყენებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

„ფორმულის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი არის რევაზ ვაშაყმაძე, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებით დასტურდება. ამასთან, იგი არის „ქართული ოცნების“ შემწირველთა შორის. ვაშაყმაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას 2012 წლის ივლისში 50 ლარი შესწირა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG