Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა რეგიონებში


აქცია-მსვლელობა ქუთაისში „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად
აქცია-მსვლელობა ქუთაისში „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად

თბილისის გარდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა რეგიონებშიც. მათ შორის ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ბორჯომში.

ზუგდიდში მოქალაქეები სკეიტპარკში შეიკრიბნენ პლაკატებით, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით. აქციაზე სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ გამოფენილი იყო საინფორმაციო ბანერები ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ მიერ საერთაშორისო გრანტებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

მათი თქმით, აქციები ემთხვევა ევროპის დღეებს, თუმცა ამ თარიღის აღნიშვნის ნაცვლად, უწევთ გაპროტესტება „რუსული კანონისა“, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროპასთან მეგობრობას.

ზუგდიდი
ზუგდიდი

სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ გორში, გმირების მემორიალთან შეიკრიბნენ.

გორი
გორი

ქუთაისში მოქალაქეები შეიკრიბნენ პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

„მიკავშირდებიან კოლეგები, მხარდაჭერას გამოთქვამენ და მეუბნებიან, რომ ვერ გამოდიან აქციებზე. აუცილებლად უნდა გაბედონ და ჩვენ ერთად შევცვლით ამ პროცესებს სასიკეთოდ“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პედაგოგმა სოფო როინიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ქუთაისი
ქუთაისი

ბორჯომში აქციაზე შეკრებილები მმართველ პარტიას მოუწოდებდნენ, უკან გაიწვიოს „აგენტების კანონი“. აქცია წმინდა ნინოს ქუჩაზე (ყოფილ გამგეობასთან) გაიმართა.

ბორჯომი
ბორჯომი

3 აპრილს „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი, ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, ორი მოსმენით უკვე მიიღო. პარლამენტში მესამე კენჭისყრა მომდევნო კვირაში იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG