Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვ პირველი: 112-ს მყისიერ საფრთხეზე მივაწოდეთ ინფორმაცია, პოლიცია არ რეაგირებს


"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე პირდაპირი ეთერით ავრცელებს ინფორმაციას ტელევიზიის ეზოში საეჭვო ავტომობილით მოძრავ ადამიანებზე, რომლებიც, მისი ვარაუდით, პროვოკაციისთვის ემზადებიან - მიუხედავად ტელევიზიიდან გაკეთებული არაერთი შეტყობინებისა 112-ში, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პოლიცია გამოძახებაზე საათზე მეტია, არ მიდის.

ნოდარ მელაძე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჰყვება, რომ დაურეკა და მყისიერი საფრთხის შესახებ აცნობა შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი კოვზიაშვილსაც, რომელმაც 112-ში დარეკვის რეკომენდაცია გასცა.

"პატრული არ მოდის გამოძახებაზე, როცა ჩვენ მათ ვაცნობეთ მყისიერი საფრთხის შესახებ. 112-ზე ჩვენ სამჯერ გადავამოწმეთ, მათ შორის ერთხელ პირდაპირ ეთერში ზარით, სად იმყოფება ჩვენს მიერ გამოძახებული ეკიპაჟი. გვპასუხობენ, რომ მყისიერად გადასცეს სამართალდამცავ უწყებას ჩვენი შეტყობინება, მაგრამ პოლიცია არ მოდის. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ადამიანების დევნის, ცემის და ჩასაფრებების უკან დგას ხელისუფლება", - ამბობს ნოდარ მელაძე და აზუსტებს, რომ ჩასაფრებული პირები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოდ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

მხოლოდ ბოლო 24 საათში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, მუსიკოს გიო შენგელიას, პარტია "გირჩის" წევრ ბორის ჩელე ყურუასა და პარტია "ახლის" წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს.

7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. 3 მაისს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG