Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით კრიმინალური ჯგუფის 15 წევრი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი - ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის
მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის
სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით,
არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ
მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების
მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს
ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს", -
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, დამნაშავეთა ჯგუფი ძირითადად საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ძარცვავდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი, რომლებმაც კანონის დარღვევით გადმოკვეთეს საზღვარი, ყველანაირი სამართლებრივი სტატუსის გარეშე იმყოფებოდნენ საქართველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკავებულები საქართველოში ან დროის რა პერიოდში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG