Accessibility links

აშშ ალასან უატარას აღიარებს კოტ-დ’ივუარის კანონიერ ლიდერად


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოტ-დ’ივუარის კანონიერ ლიდერად ცნობს ალასან უატარას და მოუწოდებს მის მეტოქეს, ლორან გბაგბოს, გამოეთიშოს ძალაუფლებისათვის ბრძოლას. როგორც ობამამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, კოტ-დ’ივუარში შარშან გამართული არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო და უატარა ქვეყნის ახალი, დემოკრატიულად არჩეული ლიდერია. ობამას ეს მიმართვა მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს პარასკევის სხდომას, რომელზეც განიხილეს საფრანგეთისა და ნიგერიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი კოტ-დ’ივუარის შესახებ. პროექტი ითვალისწინებს სანქციებს გბაგბოსა და მისი გუნდის წინააღმდეგ. გაეროს ინფორმაციით, კოტ-დ’ივუარში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიატოვა სახლ-კარი, სამოქალაქო ომის შიშით. შეერთებული შტატების გარდა, გაერო და აფრიკული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გბაგბო დამარცხდა. ეს უკანასნკელი კი ირწმუნება, რომ თვითონ გაიმარჯვა და რომ არ აპირებს, მეტოქეს დაუთმოს ქვეყნის ლიდერის პოსტი.
XS
SM
MD
LG