Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე უარს აცხადებს ერგნეთის შეხვედრებში მონაწილეობაზე


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში, თუკი ისინი ერგნეთში გაიმართება. „სანამ სოფელი ერგნეთი ე.წ. „ნატოს ზონას“ წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთის დელეგაცია შეხვედრებში არ მიიღებს მონაწილეობას“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიგოევმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა პირველად არ ცდილობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ჩაშლას. ჩიგოევმა ამის მაგალითად მოიყვანა დე-ფაქტო რესპუბლიკის სამი უგზო-უკვლოდ დაკარგული მცხოვრების გადაუჭრელი საკითხი. ჩიგოევის აზრით, თბილისმა შეხვედრების ჩაშლა ახლა კიდევ ერთხელ სცადა, რადგან იმ ადგილას, სადაც შეხვედრები იმართებოდა - სოფელ ერგნეთში - გახსნა „პიონერთა ბანაკი“, სახელწოდებით „ნატოს ზონა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აბსურდულ მიზეზზე დამყარებული უწოდა ოსური მხარის მიერ შეხვედრის ჩაშლის მცდელობას და დასძინა, რომ ქართული მხარე ოსური დელეგაციის წარმომადგენლებთან დალაპარაკებას და ვითარებაში გარკვევას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ერგნეთის სკოლაში ნატოს საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. ეს ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააპროტესტა.
XS
SM
MD
LG