Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


საქართველოს შესახებ უცხოეთის პრესაში ამ კვირაში ერთი ორი სტატია დაიბეჭდა. მათი ავტორები ჰააგის საერთშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობენ. ბრიტანული გამოცემა „კონსერვატივ ჰოუმ კომენტ“ აქვეყნებს სამოქალაქო თავისუფლებების ჯგუფის „ბიგ ბრაზერ უოჩის“ დირექტორის, დენიელ ჰამილტონის წერილს, რომელიც ეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ განიხილოს საქართველოს მთავრობის სარჩელი სეპარატისტულ რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ და ასევე უარყოფილ იქნეს რუსეთის მოთხოვნა დაფიქსირდეს, რომ მას საქართველოსთან არა აქვს დავა. ჰამილტონის თანახმად, გადაწყვეტილება სამწუხაროცაა და აბსურდულიც, თუ გავითვალისწინებთ იმ მტკიცებულებების დიდ წონას, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა და საქართველოს მთავრობის პოზიციას ადასტურებს. წერილის ავტორი მკითხველს მოუთხრობს დაპირისპირების ისტორიას, ესაუბრება სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტის დეტალებზე და ამცნობს მას, რომ ეუთოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, რომელიც ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბულის სამიტებზე დამტკიცდა 1994, 1996 და 1997 წლებში, სეპარატისტების მიერ, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, ადგილობრივ მცხოვრებთა ასეთი მასობრივი განდევნა ”საომარ დანაშაულად” უნდა იყოს მიჩნეული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მაისის რეზოლუციის აშკარა დარღვევით, არაფერი გაკეთებულა რეგიონის ოკუპაციის დროს განდევნილთა საკუთრების დასაცავად. ბევრი მათგანის სახლი დაანგრიეს, რათა ადგილი დაეთმოთ მოსკოვის მიერ დაფინანსებული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებისთვის. სტატიაში ლაპარაკია ბრიტანეთის მთავრობის პოზიციაზე, ნათქვამია, რომ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა; იქვე საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის საქართველოში -კერძოდ, გორში - ჩასვლის შესახებ. ლაპარაკია აგრეთვე ნატოს პოზიციაზე, აღნიშნულია, რომ ალიანსის მიდგომა ამ საკითხისადმი უცვლელია და რომ ახლახან გავრცელებული განცხადებით მან კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თავისი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წერილის ბოლოს დენიელ ჰამილტონი წერს: ცხადია, მოსკოვსაც და თბილისსაც უნდა მიეცეს დრო იმისათვის, რომ ბოლომდე შეაფასონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ორივე მხარე იმსახურებს, რომ რეაგირების შესაძლებლობა მიეცესო. მაგრამ, წერს ჰამილტონი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი არ ისურვებს სრულყოფილ, გულწრფელ და ღია დისკუსიას საქართველოსთან, სასამართლომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ეთნიკური წმენდის ბრალდებების გამოძიება. ეს, შესაძლოა, ძალიან მალე არ მოხდეს, ასრულებს სტატიას დენიელ ჰამილტონი „კონსერვატივ ჰოუმ კომენტში.“

ამავე თემაზეა ავსტრიის „შტანდარტში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „მართლმსაჯულების სასამართლო უარყოფს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ“. ამ წერილშიც საქმის არსია აღწერილი და ნათქვამია, რომ მიმომხილველები გადაწყვეტილებას რუსეთის სამართლებრივ გამარჯვებად მიიჩნევენ. იქვეა განმარტება, რომ საქართველოს, სანამ სასამართლოს მიმართავდა, დავის მოგვარება რუსეთთან მოლაპარაკებით უნდა ეცადა. საქართველოს სარჩელი ეფუძნებოდა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციას, რომელიც კრძალავს ადამიანების დევნას წარმომავლობის ნიშნით, მაგრამ მოსამართლეებმა მიუთითეს, რომ, ამავე კონვენციის თანახმად, მხარეები, სანამ „მსოფლიო სასამართლოს“ მიმართავენ, საკითხის გადაწყვეტას ჯერ მოლაპარაკებებით უნდა შეეცადონ. ეს კი არ მომხდარაო, წერს ავსტრიის „შტანდარტი“.

თურქეთის ინგლისურენოვანი გამოცემა „ტუდეის ზამანი“ თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, თურქეთში მოგზაურობის შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომელიც თურქეთში ბაღაფშის ჩასვლამდე დაიბეჭდა. მას მერე, რაც სტატიის ავტორი შენიშნავს, ბაღაფშს თურქეთთან კავშირების გაღრმავება სურსო, წერილში აღწერილია საქართველოს ეს რეგიონი, აფხაზეთი, და ნათქვამია, „ქართულ-აფხაზურ“ ომამდე აქ 550 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 300 ათასი ცხოვრობსო. წერილში იმასაც წაიკითხვათ, რომ ამჟამად თურქეთში უფრო მეტი აფხაზია, ვიდრე თვით აფხაზეთში.

„აფხაზეთის ახლანდელი შიში უკავშირდება სრულ გაქრობას“, წერია სტატიაში. აფხაზი ინტელექტუალები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მათ სტატუსს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს, რომ დაბალია შობადობა და რუსული ენა უფრო და უფრო დომინირებს აფხაზურის მიმართ. ამიტომ ცდილობენ აფხაზები თურქეთთან ურთიერთობის განვითარებას, რათა ამ გზით მიაღწიონ აფხაზეთის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, მოსახლეობის გამხნევებას და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოსთან ურთიერთობის გაწონასწორებას, წაიკითხავთ „თურქულენოვან გამოცემა „ტუდეის ზამანში“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG