Accessibility links

logo-print
”24 საათი” პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს ეკითხება: ”არის თუ არა საზოგადოებაში ისეთი ძლიერი საპროტესტო მუხტი, რომ ცალკეულ პოლიტიკოსებს ხელისუფლების აქციებით შეცვლის იმედს აძლევდეს?”. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი: ” ეკონომიკური კრიზისი და სხვადასხვა სირთულეები, რასაკვირველია, ხელს უწყობს გარკვეული საპროტესტო მუხტის განვითარებას, მაგრამ რაც შეეხება მის ზღვრულობას, ვფიქრობ, ამ მომენტში არის ნაკლები, ვიდრე 2-3 წლის წინ იყო”; პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: ”არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მთავარია აქუბარდიას ეთერიდან მოუწოდონ მთელ საქართველოს ბარიკადების მოწყობისკენ. ამის განხორციელებისთვის ხალხია საჭირო, ხალხი კი ამდენი მოწოდებებით და დაპირებებით დაიღალა. მათ უნდათ გაწონასწორებული და ინტელექტუალური მოქმედების პროგრამა, რასაც ამ მოწოდებებში სანთლითაც ვერ იპოვით”; ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე: ”მოქალაქეებში არსებული მუხტი არჩევნების დროს მათივე თავისუფალ არჩევანში უნდა განსხეულდეს და არა რევოლუციურ ქაოსში, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან არასასურველი მიმართულებით განვითარდება”; ლეიბორისტი გიორგი გუგავა: ”საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს და ის თანდათან იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის საფუძველზე ერთჯერადი აქციით შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა”; ეკა ბესელია: ”საპროტესტო განწყობა და ნეგატიური დამოკიდებულება ახლა უფრო მეტია, ვიდრე ადრე”. ”24 საათის” გამოკითხვაში კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგურიც მონაწილეობს, მასთან ვრცელ ინტერვიუს კი ”ახალ თაობაში” ნახავთ: ”ნიშნისმოგებით გვეუბნებიან: ხომ ხედავთ, არაფერი არ გამოდისო. განა არ ვიცოდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება ”გაჭედავდა” და ყველაფერზე უარს იტყოდა. ეს ვიცოდით, მაგრამ მაინც წავედით მოლაპარაკებებზე”, - აცხადებს ძიძიგური. ის თვლის, რომ დიპლომატიური კორპუსი დადებითად აფასებს ოპოზიციის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

”რეზონანსში” ”ქართული პარტიის პოლიტიკურ მდივან ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”არანაირი პერსპექტივა ამ რეჟიმთან დიალოგს არ აქვს. არანაირი ზეწოლა დღევანდელ რეჟიმზე ზემოქმედებას არ მოახდენს გარდა ძალისა. დანარჩენი ყველაფერი ილუზია და დროის კარგვაა. ამას კი ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა აევსო”, - აცხადებს კიწმარიშვილი და იმეორებს, რომ ”ქართული პარტია” მიმდინარე წელს აპირებს არსებული ხელისუფლების ”დამთავრებას” და ყველა სხვა მცდელობა, მისი სიტყვებით, ”არის მხოლოდ ერთი რამ - კოლაბორაციონიზმი და შტრეიკბრეხერობა ქართველ ხალხთან მიმართებაში”.

”ვერსია” ფეხბურთელ კახი კალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”სახელმწიფოსა და კანონმორჩილ მოქალაქეებს შორის დღეს უზარმაზარი უფსკრულია, რომელიც, სამწუხაროდ, დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება”, - ამბობს კალაძე და ამავე ინტერვიუში გიორგი დემეტრაძის საქმესაც ეხება: ”დამწყები თუ გამოცდილი იურისტებიც ამბობენ, რომ ეს საქმე შავით თეთრზე არის ”შეკერილი”. ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტ, თუმცა ამ ეტაპზე რას და როგორ გავაკეთებ, ზუსტად ვერ გეტყვით.”

”ვერსიიდან” მკითხველი შეიტყობს აგრეთვე, რომ ელენე თევდორაძე იანვრის ბოლოდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აღარ არის და მხოლოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის რანგში აგრძელებს მოღვაწეობას: ”სამინისტროში რეორგანიზაცია მოხდა და მე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გამათავისუფლეს.”

”ვერსია”, თავის ”წყაროზე” დაყრდნობით, წერს ბონდო შალიკიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის შესახებაც.
XS
SM
MD
LG