Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ევროპის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა აშფოთებს


რუსეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის მიერ ენერგეტიკის სფეროში შემუშავებული ახალი რეგულაციებით, რომელთა თანახმად, მცირდება ისეთი გიგანტი კომპანიების გავლენა, როგორიც, მაგალითად, „გაზპრომია“. გთავაზობთ ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იუჟიაკის მასალას.

ევროპის კავშირი ახალ რეგულაციებს აწესებს, რომლებიც გიგანტ კომპანიებს ენერგეტიკის ბაზარზე დომინირების საშუალებას არ მისცემს. რუსეთი ამ რეგულაციების წინააღმდეგია და კულუარებში ენერგიულად მოქმედებს, რათა ზომების ეფექტიანობა დაასუსტოს.

თებერვალში, ბრიუსელში ვიზიტისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ამ ცვლილებების წინააღმდეგ - ცვლილებებისა, რომლებიც ევროპის მესამე ენერგეტიკულ პაკეტად არის ცნობილი. პუტინმა მათ კონფისკაციაზე ორიენტირებული უწოდა და განაცხადა, რომ მათი შემოღება მომხმარებლისთვის ენერგიას გააძვირებს.

მოსკოვის განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მუხლი, რომელიც ევროპაში მომუშავე ენერგეტიკული კომპანიებისგან ითხოვს, ენერგიის მოპოვება სადისტრიბუციო ქსელებისგან განაცალკევონ. ევროპის კომისიის განცხადებით, მას ანტიკონკურენტული ქმედების არაერთი მტკიცებულება მოეპოვება - მტკიცებულება, რომ კონტინენტზე მოქმედი გიგანტი ენერგეტიკული კომპანიები, მაგალითად, მესამე მხარეს არ აძლევენ მილსადენებით სარგებლობის საშუალებას.

ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიზოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ 1 აპრილს ამუშავებული ენერგეტიკული პაკეტის ირგვლივ მოსკოვს რეგულარული კონტაქტი აქვს ევროპის კომისიასთან. მისი თქმით, კანონმდებლობაში საკმარისი ბუნდოვანი ასპექტებია საიმისოდ, რომ რუსეთის კომპანიებმა - მათ შორის, გაზის გიგანტმა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა „გაზპრომმა“ - თავიანთი ინტერესების დაცვა შეძლონ: „მესამე ენერგეტიკული პაკეტი ევროკავშირში კანონად იქცა, თუმცა ეს კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც გარკვეულ საშუალებებს ტოვებს მანევრირებისთვის.“

მესამე ენერგეტიკული პაკეტი არ წარმოადგენს ერთადერთ საკითხს, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში უთანხმოებას წარმოშობს.

ნავთობის და გაზის დიდი რეზერვებითა და მილსადენების ფართო სისტემით რუსეთი დიდი ხანია მთავარი ენერგეტიკული მოთამაშეა კონტინენტზე. ის ევროკავშირს იმპორტირებული გაზის 45 პროცენტს მიაწვდის და ახლო კავშირები აქვს ისეთ გავლენიან ევროპულ ქვეყნებთან, როგორიც, მაგალითად, გერმანიაა. მაგრამ ევროკავშირის შედარებით ახალ, აღმოსავლელ წევრებს აშინებს „გაზპრომის“ მსგავსი გიგანტი კომპანიების უზარმაზარი გავლენა და ამიტომ ისინი გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი, სადაც ძლიერი რეგულაციები იმუშავებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მესამე ენერგეტიკული პაკეტი.

მაგრამ რუსეთმა, რომელსაც ევროკავშირის შიგნით არსებული განხეთქილებებით სარგებლობის დიდი გამოცდილება აქვს, უკვე მოახერხა ახალი წესებიდან გამონაკლისის დაშვება ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის ორი ოფშორული ნაწილისთვის. ეს მილსადენი გერმანიასთან ერთად შემუშავებული პროექტია, რომელიც რუსეთის გაზს დასავლეთ ევროპაში ჩაიტანს.

ამასთან, კანონმდებლობის სიახლისა და კომპლექსურობის გამო, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კომისარმა გიუნტერ ოტინგერმა სამომავლოდ გადადო იურიდიული მექანიზმების ამოქმედება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ახალ წესებს ვერ დაიცავენ.

თებერვალში - პუტინის ბრიუსელში ვიზიტის დროს - გავრცელდა ხმა, რომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ევროკავშირის წარმომადგენლებს გამონაკლისების და განმარტებების რუსეთისთვის სასურველი სია გადასცა. როგორც რადიო თავისუფლებას ერთმა წყარომ აცნობა, ოტინგერმა მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოავლინა და პაკეტის ირგვლივ გარკვეულ შესაძლებლობებზეც მიანიშნა.

ოტინგერის წარმომადგენელი მარლენ ჰოლცნერი კი აცხადებს, რომ, ევროპელ ოფიციალურ პირებსა და რუსეთის მთავრობას შორის რეგულარული და ახლო კავშირების მიუხედავად, ევროკავშირის ენერგეტიკული კანონების შერბილება არც კი განიხილება: „არა, კანონების შეცვლაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. ჩვენი კანონები დამტკიცებულია და ისინი გრძელვადიანი დემოკრატიული პროცესის შედეგად არის მიღებული - კომისიამ ისინი [ევროპის] პარლამენტს წარუდგინა, საბჭოში კი წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს.“

თუმცა ჰოლცნერი დასძენს, რომ, კანონების შეცვლის შეუძლებლობის ფონზე, გარკვეული გამონაკლისების დაშვებაზე ლაპარაკი შესაძლებელია.

მაგალითად, ევროპის კომისიას შესაძლოა კონკრეტული კომპანიისთვის სთხოვონ გამონაკლისის დაშვება. მაგრამ მაშინაც კი, თუ გამონაკლისს მართლაც დაუშვებენ, მესამე მხარეს მაინც უნდა ჰქონდეს კომპანიის სადისტრიბუციო შესაძლებლობით სარგებლობის შანსი, თუკი ის კონკურენტულ, საბაზრო ფასს გადაიხდის.

მოლაპარაკება - ღიაც და კულუარულიც - გრძელდება. თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მოსკოვი ბოლოს მაინც დათანხმდება ახალ წესებსო. „ბრიუსელში ჩამოსვლისას პუტინმა დიდი სცენა გამართა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის ასე შიდა აუდიტორიისთვის იქცევა“, - განაცხადა მან და დასძინა - „დახურულ კარს მიღმა, რეალურ პოლიტიკურ დისკუსიაში საქმე სხვაგვარადააო.“
XS
SM
MD
LG