Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი ეკონომიკების ხუთ მოწინავე ქვეყანას გავლენის გაძლიერება სურს


ლიდერები კუნძულ ჰაინანზე
ლიდერები კუნძულ ჰაინანზე
ჩინეთის სამხრეთით, კუნძულ ჰაინანზე, ქალაქ სანიაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ინდოეთის, რუსეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს მასპინძლობს. ამ ხუთი ქვეყნის ლიდერებმა - ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინჰმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ - სამიტი გამოიყენეს მსოფლიოს საფინანსო სისტემაში ცვლილებებსა და გაეროს უშიშროების საბჭოზე თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად. მათვე შეშფოთება გამოხატეს ლიბიაში ნატოს ოპერაციის გამო. ეს პირველი სამიტი იყო, რომელზეც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც იყო მიწვეული. პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებული ხუთივე ეს სახელმწიფო სწრაფად მზარდადაა მიჩნეული და ისინი ამჯერადაც შეეცადნენ ერთ ფრონტად წარმოედგინათ თავი. მედვედევმა ერთიანობა ასე დაახასიათა:

„ეკონომიკური პოტენციალი, პოლიტიკური გავლენა და ჩვენი განვითარების პერსპექტივა, როგორც ალიანსისა, განსაკუთრებულიაო“, თქვა მან. მასპინძელმა, ჰუ ძინტაომ განაცხადა, დრო მოითხოვს, რომ ჩვენმა ქვეყნებმა დიალოგი და თანამშრომლობა გააძლიერონო:

„მშვიდობის, განვითარების და თანამშრომლობის იმპულსი ძლიერდება. მსოფლიო ღრმა და რთულ ცვლილებებს განიცდის. მტკიცე მშვიდობის და საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, გლობალური ეკონომიკის მართვის რეფორმირება, მზარდი ბაზრების მქონე ახალი ეკონომიკების და განვითარებადი ქვეყნების სიტყვის უფლების და წარმომადგენლობითობის განვითარება.“

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სანიაში მიიღეს, ხუთი ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, გაფართოვდეს საერთაშორისო სარეზერვო სავალუტო სისტემა, რაც, მათი აზრით, სტაბილურობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ისინი თვლიან, რომ საერთაშორისო სავალუტო კრიზისმა გამოავლინა ამჟამინდელი სავალუტო წესრიგის ნაკლოვანება, რაც აშშ-ის დოლარს, როგორც ყველაზე უფრო გავრცელებულ ვალუტას, ხშირად ახასიათებს. სანიაშივე შეკრებილებმა მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ განვითარებად ქვეყნებს იქ მეტის თქმის საშუალება მიეცეთ. რუსეთი და ჩინეთი საბჭოს წევრები არიან. ინდოეთსაც სამომავლო შანსები აქვს, თუმცა ის, ბრაზილიასა და სამხრეთ აფორიკასთან ერთად, მორიგე წევრობის სტატუსს სჯერდება. სამხრეთ აფრიკა ერთადერთია ამ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა საბჭოში ლიბიის თავზე ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნას, რამაც გზა გაუხსნა ლიბიაში მთავრობის ჯარის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიბიაში ძალის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული:

„ჩვენი საერთო პოზიცია ასეთია: ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და არა ძალის გამოყენებით.“

მსოფლიოს სწრაფად მზარდი ხუთი ქვეყნის - ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამიტზე ისინი შეთანხმდნენ შეიქმნას ორმხრივი საკრედიტო ხაზები, რომლებიც მათივე სახელმწიფო ვალუტით და არა ამერიკული დოლარით იმუშავებს. მათ შეშფოთება გამოხატეს დოლარის სიმყარის გამო, რადგან აშშ-ის სავაჭრო და საბიუჯეტო დეფიციტი უზარმაზარია. არადა, მსოფლიო სავალუტო მარაგი დოლარებში ინახება. სიაში პირველია ჩინეთი. მისი მარაგი ორ ტრილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. მართალია, ეს ხუთი ქვეყანა ყველაზე სწრაფად მზარდია, მაგრამ მათ არაერთი პრობლემა აქვთ ინფლაციის, სავაჭრო დეფიციტისა და სხვა მანკიერებათა სახით. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნელ-ნელა თავს აღწევენ საერთო ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ მშვიდობასა და კეთილდღეობას მაინც ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. რაც ასევე უნდა ითქვას, ისაა, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ სავსებით დაუჭირეს მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. რუსეთმა დაიჩივლა, არც ერთ სხვა ქვეყანას ასეთი დიდი დრო არ დასჭირვებია წევრობის მისაღწევად, ჩვენი საკითხის არასაჭირო პოლიტიზება მოხდაო. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში წევრობას საქართველოს ფაქტორი უშლის ხელს. თბილისის მოთხოვნები ოფიციალურად ეკონომიკური ბუნებისაა, მაგრამ მათი პოლიტიკისგან სრულად დაშორება ვერ ხერხდება. დაბოლოს, გეტყვით, რომ ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე შეკრებილი ლიდერების ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტი და ისინი მსოფლიოში საერთო შიდა პროდუქტის 18 პროცენტს აწარმოებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG