Accessibility links

logo-print
”ყველა სიახლეში” დღეს რობერტ სტურუასთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ბოლო ხანს ხშირად მახსენდება ბრეხტის შესანიშნავი ნათქვამი: ”უბედურია ერი, რომელსაც გმირი სჭირდება! არ შეიძლება ერი გოდოსავით მუდმივად გმირს, მხსნელს ელოდეს, თვითონ კი ხელები ჰქონდეს ჩამოშვებული”, - ამბობს სტურუა. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ქართველი მაინც ოპტიმისტია, თუმცა მასობრივი დეპრესიის ნიშნებსაც ვამჩნევ აქ, ჩვენს თეატრშიც - მუშაობ ახალგაზრდა მსახიობთან და გრძნობ, მისი თვალები, გონება სხვაგან არის.”

”ყველა სიახლეშივე” რამდენიმე პოლიტიკოსთან ინტერვიუც ქვეყნდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობს: ”არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია. ოპოზიციის მხრიდან გარკვეული წინადადებები მოვისმინეთ, ნაწილი გავიზიარეთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც შეიძლება ვერ შევთანხმდეთ. მე მაინც მომხრე ვარ ორმხრივი კომპრომისის”. იმავე გაზეთში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ხელისუფლება იძულებული იქნება დასძლიოს ის კომპლექსი, რასაც სააკაშვილის კომპლექსს დავარქმევდი, და მაისის ბოლომდე მოვახერხებთ შეთანხმებების მიღწევას”. ალასანია თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესი პრეზიდენტის ”უშუალო ჩარევით” გაჩერდა.

”ახალი თაობა”, სოსო ცისკარიშვილი: ”პერსპექტივა ”რვიანის” ოპოზიციას ნამდვილად აქვს. ვფიქრობ, ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მაინც იძულებული გახდება გააგრძელოს მოლაპარაკება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ქალბატონ კლინტონის უკანასკნელი განცხადებაც მარწმუნებს, რომ დაფარული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის აღარაფერია.”

”24 საათის” ერთ-ერთ პუბლიკაციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს: ”როდესაც წაგებული პოლიტიკური პარტიები იტყვიან, რომ მათთვის შედეგები მისაღებია, დიალოგი დაიწყება. ამისთვის პარტიები უნდა შეურიგდნენ იმ აზრს, რომ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ხვალ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მუნიციპალური არჩევნების დროს უკმაყოფილებას, ძირითადად, წინასაარჩევნო პროცესის გამო გამოთქვამდნენ. იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პროცესის საკითხზე შეთანხმდებიან."

”რეზონანსი” წერს, რომ ”ხელისუფლება და ”რვიანი” აღდგომის შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ”. თუმცა სტატიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ პავლე კუბლაშვილის კომენტარებსაც გაეცნობით. მას უთქვამს, რომ მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა და გაგრძელებაზე ვერაფერს იტყვის.

”ალიაში” წაიკითხავთ, რომ ”ქართულ პარტიას” ძირითადად მოსკოვში მოღვაწე კოტე გოგელია აფინანსებს. ასევე მოსკოვში მცხოვრებ ინკოგნიტო რესპონდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი. რესპონდენტი ამბობს: ”ამ კოტემ გადაწყვიტა გახდეს პრეზიდენტი...”. ”ალია” ”ქართულ პარტიასთან” ბონდო შალიკიანის ურთიერთობაზეც წერს. ამ ფაქტს ”ალიასთან” ინტერვიუში ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ურაყოფს: ”მე ის ვიცი, რომ ამ ადამიანთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს”. დღევანდელ ”ალიასა” და ”ახალ თაობაში” საქართველოს შს მინისტრის სომხეთში ვიზიტის მიზნების სხვადასხვა ვერსიებზეც წაიკითხავთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვანო მერაბიშვილი სომეხი კოლეგის შუამავლობით რუსეთის შს მინისტრს შეხვდა.
XS
SM
MD
LG