Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა გამარჯვება დიდი იმედგაცრუების შემდეგ


მისრათა
მისრათა
ხანგრძლივი ალყის შემდეგ მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა დატოვეს ქალაქი მისრათა, რომელიც სასტიკი დაპირისპირების ცენტრი იყო ორი თვის განმავლობაში. მუამარ კადაფისადმი ლოიალურად განწყობილ ძალებს ქალაქი ალყაში ჰყავდათ და მასირებულ ცეცხლს უშენდნენ საარტილერიო იარაღიდან.

თუ ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურდა, ანუ თუ კადაფის მომხრე ძალებმა მართლა მოხსნეს ალყა და ეს არ არის ტაქტიკური გადაადგილება შემდგომი შეტევის განსახორციელებლად, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული ოპოზიციის დაპირისპირებაში გარდატეხის მომენტი დგება, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ მისრათა იქნება ქვეყნის დასავლეთში ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელიც მეამბოხეების კონტროლქვეშ გადადის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ამ რეგიონის დანარჩენ დასახლებულ პუნქტებზე კადაფის ძალებმა დააკარგვინეს კონტროლი ამბოხებულთა რაზმებს,მისრათა შეიძლება გახდეს პლაცდარმი ამბოხებულთა შემდგომი წინსვლის განსახორციელებლად.
მაგრამ მისრათისათვის ბრძოლის სურათი ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის. თავდაპირველად ინფორმაცია ლიბიის სამთავრობო ძალების მისრათიდან უკან დახევის შესახებ ამბოხებულებს მიაწოდა სამთავრობო ჯარისკაცმა, რომელიც ოპოზიციის მომხრეებმა უკან დახევის დროს დაატყვევეს. თუმცა მისრათაში ჯერ კიდევ რჩება ანდა იოლად შეუძლია ზღვის ნაპირზე მდებარე ამ ქალაქში შეღწევა კადაფის მომხრე სადივერსიო ჯგუფებს. 23 აპრილს ერთ-ერთმა მეამბოხე ჯარისკაცმა „როიტერს“ უთხრა, რომ კადაფის უკანონო ფორმირებები მათ სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ:

„ესენი არიან კადაფის დაქირავებული მებრძოლები. მათ სურთ ჩვენი დახოცვა. მათ სურთ დაგვხოცონ ფულის გულისათვის, მხოლოდ ფულის გულისათვის.“

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმს ფულიც ბევრი აქვს ახალ-ახალი მეომრების დასაქირავებლად და იარაღიც.
ერთ-ერთ ბოლო სამხედრო პროგრამაში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა შეისყიდა პოლკოვნიკმა საბჭოთა კავშირისაგან და შემდეგ რუსეთისაგან ჯერ კიდევ 80-იან და 90-იან წლებში. ამ საბრძოლო იარაღის ნაწილი, საავიაციო ტექნიკა და ანტისარაკეტო საშუალებები ამერიკისა და ნატოს ავიაციამ, თუ მათი ხელმძღვანელობის განცხადებებს დავუჯერებთ,თითქმის გაანადგურა. მაგრამ იმისათვის, რომ მუამარ კადაფის არმიამ შეწყვიტოს წინააღმდეგობა, საკმარისი არ არის მხოლოდ ფრენისათვის აკრძალული ზონის შენარჩუნება.

ღირს გავიხსენოთ, რომ ნატოს ავიაცია 70-ზე მეტი დღის განმავლობაში ახორციელებდა საავიაციო იერიშებს ბალკანეთში, მაგრამ მილოშევიჩის არმიამ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა წინააღმდეგობა, რაც ყოფილ იუგოსლავიაში ნატომ მრავალეროვნული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. სწორედ ამიტომ არის, რომ დასავლური მედია სულ უფრო მეტად საყვედურობს დასავლეთს წარსული შეცდომების განმეორების გამო და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს და ნატოს, რომ იფიქრონ ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის განხორციელებაზე. აი, რას წერდა 21 აპრილის ნომერში დანიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული გაზეთი „იულანდს პოსტენი”:

„სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ ჰაერიდან წარმოებული ოპერაციები არ მოიტანს. კადაფის მხრიდან სამხედრო ქმედებების და თავდასხმების შესაწყვეტად სახმელეთო ჯარი უნდა იქნეს გამოყენებული. შესაძლოა ბრიტანეთის და საფრანგეთის გადაწყვეტილება იქ ოფიცრების მცირე ჯგუფის მრჩევლებად მივლინების თაობაზე მიუთითებდეს, რომ ეს მოხდება კიდეც. აქამდე საფრანგეთი ამგვარი ქმედების წინააღმდეგ გამოდიოდა. ლიბია სულ უფრო და უფრო აშკარად ხდება იმის ტესტი, თუ რამდენად შეუძლია ნატოს ისეთი მისიის შესრულება, რომელსაც აშშ არ უდგას სათავეში.“

პასუხი ცალსახაა: არც შეუძლია და არც კონსენსუსია ალიანსში უფრო აქტიური სამხედრო ჩარევის თაობაზე, რის გამოც ცნობილმა პუბლიცისტმა ენ აპელბაუმმა „ვაშინგტონ პოსტში“ ცოტ ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნატოს აღსასრულიც კი უწინასწარმეტყველა. „გერმანია და თურქეთი ეწინააღმდეგებიან საავიაციო იერიშებს, ჰოლანდია გზავნის სამხედრო თვითმფრინავებს, მაგრამ მფრინავებს ნაბრძანები აქვთ მხოლოდ აფრენილ თვითმფრინავებს გაუხსნან ცეცხლი. ფრანგული და იტალიური ავიაციაც ფრენით კი დაფრინავს, მაგრამ ჯერ არც ერთი ბომბი არ ჩამოუგდიათ“, - წერდა ცნობილი პუბლიცისტი 14 აპრილს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კიდევ უფრო მძიმე წასაკითხია ის ფრაზები, რომლითაც სასოწარკვეთილმა ამერიკელმა ფოტოკორესპონდენტმა ტიმ ჰეთერინგტონმა დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრათაში შექმნილი ვითარება აღწერა:

„ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრათაში ვარ. კადაფის ჯარები განუკითხავად ბომბავენ. ნატოს კვალიც კი არსად ჩანს.“

ტიმ ჰეთერინგტონი და ქრის ჰონდროსი 20 აპრილს ნაღმსატყორცნის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და სასიკვდილოდ დაიჭრნენ. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, 40 წლის ჰეთერინგტონი დაიღუპა 15 წუთში, როდესაც პირველადი სამედიცინო საშუალებებით ცდილობდა სისხლის დენის შეჩერებას მძიმედ დაჭრილი ფეხიდან, 41 წლის ჰონდროსი კი ნამსხვრევით ტვინის არეში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ გამოასალმა სიცოცხლეს. ლიბიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსამ იბრაჰიმიმ 21 აპრილს, ტრიპოლიში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, მწუხარება გამოხატა ჟურნალისტების დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ მათთვის უცნობია ჟურნალისტების დაღუპვის გარემოებები:

„ჩვენ არ ვხოცავთ მათ, ვინც არ გვებრძვის. უნდა შევისწავლოთ გარემოებები, რომლის დროსაც ეს ჟურნალისტები დაიღუპნენ. მაგრამ ეს არის ომი, სამწუხაროდ. ხალხი იღუპება ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. მოსახლეობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის აღმოჩნდა. ჩვენთვის უცნობია ეს გარემოებები.“

ლიბიაში ახლა ზუსტად ვერავინ დაადგენს გარემოებებს და ვერც ამ გარემოებების შესაძლო განვითარებას იწინასწარმეტყველებს. ცხადი მხოლოდ ისაა, რომ გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მოულოდნელად მოახერხა გასულ კვირაში ლიბიის ოპოზიციის მთავარ ქალაქ ბენღაზიში ჩასვლა, გმირები უწოდა ლიბიელ მეამბოხეებს და ვაშინგტონს მოუწოდა განაახლოს საავიაციო იერიშები მოსახლეობის დასაცავად. ამ განცხადებას დროში დაემთხვა პენტაგონის გადაწყვეტილება, ლიბიაში უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების გაგზავნის თაობაზე. შაბათს დასავლეთის მედიამ გაავრცელა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალედ კაიმის განცხადება, რომლის თანახმადაც, ნატოს ავიაციამ შაბათს იერიში მიიტანა ლიბიის ქალაქებზე - სირტეზე, აზიზიაზე, ჰირასა და ტრიპოლიზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG