Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსების უკანონო გადინება საქართველოდან


საქართველოდან გადინებულმა უკანონო ფულის მოცულობამ ათი წლის განმავლობაში 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაცია ”გლობალური ფინანსური ერთიანობა”. ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნულ მონაცემებს საგანგაშოდ მიიჩნევს, მეორე ნაწილისათვის კი ეს დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს.

”განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ” ანგარიშის მიხედვით, 2000-2008 წლებში საქართველოდან გადინებული უკანონო ფულის რეალური მოცულობა 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადასცდა, საშუალო წლიურმა მონაცემებმა კი, შესაბამისად, 450 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი შეადგინა. როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, ისინი ცდილობდნენ განესაზღვრათ საფასო ცდომილებები, რაც გამოწვეული იყო სავაჭრო ზედნადებების გაყალბებით. საფასო ცდომილებების შეფასების პროცესში კი გამოვლინდა, რომ საქართველოდან არალეგალური კაპიტალი სტაბილურად გაედინებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საბაჟოზე დაფიქსირებული იმპორტის სასაქონლო ღირებულება აჭარბებდა პარტნიორი ქვეყნის საექსპორტო ანგარიშზე ასახულ სასაქონლო ღირებულებას. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე, რომლის რეალური ღირებულება შემცირებულად იქნა გატარებული ქვეყნის საექსპორტო ანგარიშზე.

დამოუკიდებელი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაცემები დამაფიქრებელი და საგანგაშოა, მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან დიდი რაოდენობით ფული სჭირდება იმისათვის, რომ შეძლოს ეკონომიკის მოდერნიზაცია და მისი სტაბილურ რეჟიმში განვითარება. ის რადიო თავისუფლებასთან იმ ვარაუდებზე საუბრობს, თუ კონკრეტულად რა გზებიდან შეიძლება გაედინებოდეს უკანონო თანხები:

”თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ წყაროებზე, თუ რა წყაროებიდან შემოსული ფული შეიძლება გაედინებოდეს საქართველოდან უკანონოდ, მაშინ ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაშინ, როდესაც ეკონომიკა კრიზისში იმყოფებოდა, საქართველოში შემოდიოდა საგარეო დახმარებები და ა.შ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძირითადად გასული არის სწორედ ამ დახმარებებისა და სესხების თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთრივ ეკონომიკიდან ასეთი მასშტაბის ფული ვერ გავიდოდა”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

დემურ გიორხელიძის ვარაუდები ასევე ტრიალებს კრიმინალური სფეროების გარშემოც, მაგალითად, როგორიც არის ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობა, ტრეფიკინგი. ის მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს მოუგვარებელი.

კვლევაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში გაედინება საქართველოდან ფული უკანონოდ, თუმცა დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საუბარი უნდა იყოს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატებზე. სწორედ ამ ქვეყნებშია შესაძლებელი ფულის საიმედოდ შენახვაო, ამბობს ის.

პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ ”გლობალური ფინანსური ერთიანობის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში ტრაგიკული არაფერია, რადგან ეს რიგითი ბიზნესურთიერთობების ნაწილია:

”ადამიანებმა რაღაც შეიძინეს, რაღაც გაყიდეს და მათ გადაწყვიტეს, რომ თანხა საქართველოში კი არა, უცხოეთში განეთავსებინათ. ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ დიდი რეგულირებების გამო გასულ წლებში ადამიანებს უფრო მეტი ინტერესი ჰქონდათ, რომ თავისი დანაზოგები და შემოსავლები საქართველოში კი არა, უცხოეთში განეთავსებინათ”, - ამბობს პაატა შეშელიძე.

რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ დიდი ოდენობის უკანონო თანხა გაედინება? - ამ კითხვაზე პაატა შეშელიძეს ასეთი პასუხი აქვს:

”შესაძლებელია, უბრალოდ, მიაჩნდეს, რომ იქ უფრო კარგად შეინახავს ფულს, ან უფრო მიმზიდველი ბიზნესპროექტები ნახა, ან კიდევ, პირიქით, უფრო რისკიანმა და მოკლე ვადაში მომგებიანმა პროექტმა დააინტერესა.”

ამისათვის კი საქართველოს საინვესტიციო გარემო უნდა იყოს არა, უბრალოდ, კარგი, არამედ ბევრად უკეთესი სხვა ქვეყნების საინვესტიციო გარემოსთან შედარებითო, მიაჩნია პაატა შეშელიძეს:

”და ეს იყოს არა მხოლოდ ლეგალური, არამედ რეალური სიტუაციაც, რადგან ხანდახან კანონში ერთი წერია, მაგრამ პრაქტიკაში მეორე ხორციელდება, რადგან ვიღაცებს აქვთ ზედმეტი უფლებები და ამ უფლებებს ისინი ბოროტად იყენებენ. რა თქმა უნდა, ასეთი საუბრები ძირითადად ხელისუფლების გარშემო ტრიალებს. არ შეიძლება, რომ ერთს ჰქონდეს რაიმეს ქმედების უფლება და მეორეს არა და ამ უფლების შეზღუდვას ან, პირიქით, მინიჭებას ვინმე არაფორმალურად ცდილობდეს. ასეთი ფაქტები უნდა გამოირიცხოს.”

ქვეყნიდან უკანონოდ გადინებული თანხების ე.წ. ”რეიტინგში” მოწინავე ხუთ ადგილს ჩინეთი, რუსეთი, მექსიკა, საუდის არაბეთი და მალაიზია იკავებს. ეკონომიკის მასშტაბებით საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი, - მაგალითად, როგორიც არის სომხეთი და მოლდავეთი, - რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მსგავს შედეგებს აჩვენებენ.
XS
SM
MD
LG