Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„ლიბერთი ექსპრესი“ და პენსიონერები


„ლიბერთი ექსპრესი“
„ლიბერთი ექსპრესი“
„ლიბერთი ბანკის“ მიერ შეთავაზებული ახალი პროექტი - „ლიბერთი ექსპრესით” პენსიების ღია ცის ქვეშ დარიგება - მოხუცებისთვის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. “ლიბერთი ექსპრესი” მათ გამარტივებულ პროცესებთან ერთად მრავალ თავსატეხსაც უჩენს. ახალციხის მუნიციპალიტეტში პენსიონერების აზრი არაერთგვაროვანია.

"ჩვენ სოფლელები ვართ, მოაქვთ წესიერად გვაძლევენ პენსიას. ავტობუსებიც რომ მოვიდნენ და ავიღოთ ფული წესიერად, ეგაც უკეთესი იქნება."

"სახლში მოტანილი ჯობია, მორთმეული, რა თქმა უნდა. იცი, რამდენ ხანს ვდგავართ ხოლმე რიგში? ძალიან ბევრ ხანს."

"მარშუტკა" რომ მოვა, მე არ ვიცი, რა დროს მოვა, ჯერ ეს ერთი...
მეორეც, რომ მოვა, იმწუთში შეიძლება არ მეცალოს და პენსიას მე ვერ ავიღებ. Aმიტომ მირჩევნია, რომ მივალ ბანკში – მე ის ქალბატონი დამხვდება და პრობლემა არ შემექმნება. ისევ ძველებურად მირჩევნია მე.

„ლიბერთი ექსპრესის“ მომსახურების დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში აცხადებენ, რომ ერთი კვირით ადრე ყველასათვის ცნობილი იქნება, თუ რამდენი მიკროავტობუსი მოემსახურება თითო მუნიციპალიტეტს, ხოლო რომელ დღეს რომელ სოფელში მივა მიკროავტობუსი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ეცოდინებათ ადგილზე, – აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი დავით სუხიაშვილი:

"პენსიონერებს უფრო გაუადვილდებათ პენსიის აღება და სხვადასხვა საბანკო ტიპის პროდუქტის შეთავაზება მოხდება ადგილზე, ადგილზევე აიღებენ საპენსიო კრედიტს და ასევე ადგილზევე შეუძლიათ კომუნალური გადასახადების გადახდა. ნებისმიერი საბანკო პროდუქტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ბანკში შევთავაზოთ კლიენტს, ყველაფერი შეთავაზებული იქნება ადგილზე. პენსია დარიგებული იქნება 4 მოლარე ოპერატორის დახმარებით. დრო იქნება სოფელში გამოკრული ან ტელევიზიით იქნება გადაცემული, რომ იქნება ამა და ამ დროს სოფელში მანქანა და ერთი ან ორი საათით გაჩერდება. უსაფრთხოების დაცვის კუთხით ეს იქნება დაცული ჩვენთვის."

პროექტი ,,ლიბერთი ექსპრესი” სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად შემუშავდა. ბანკის ცნობით, "ლიბერთი ექსპრესი" არის თანამედროვე ტოიოტას მარკის მოძრავი და დაცული მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. "ლიბერთი ბანკმა" ამ პროექტში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბანკში აცხადებენ, რომ `ლიბერთი ექსპრესის” საშუალებით "ლიბერთი ბანკის" ასიათასობით კლიენტი შეძლებს მომსახურება მიიღოს ყველგან, სადაც დასჭირდება. ვალეს რწმუნებული გელა გოზალიშვილი ამბობს, რომ დაუძლურებული და ავადმყოფი მოხუცებისთვის ამ პროექტის განხორციელება ნამდვილად ღირს.

"ვისაც ფიზიკურად აქვს იმის შეძლება, რომ თვითონ მობრძანდეს ფოსტის შენობაში და აიღოს პენსია, მისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ვალეში არის ძალიან ბევრი ისეთი მოხუცებული, ვინც უძლურების ან ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს ამ შენობაში მოსვლას. ამ ადამიანებისთვის ძალიან კარგი იქნება მართლაც, თუ სახლებში მიუტანენ პენსიას. სოფელია და ნებისმიერ ოჯახში შეიძლებ შესვლა - 5 -6 კაცი რომ შევიდეს და იმ ოჯახში მოხდეს პენსიების დარიგება."

სოციალური მომსახურების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ პენსიონერები გაუმჯობესებული მომსახურებით ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG